საქართველოს შავი ზღვის შელფზე აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი ნავთობმომპოვებელი კომპანია OMV Petrom S.A - ი ნავთობისა და გაზის კვლევა - ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს განახორციელებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანიის პრესსამსახურიდან აცნობეს, შესაბამის კონტრაქტს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში მოეწერა ხელი. მათი ინფორმაციით, ამით საქართველო შეუერთდა იმ ქვეყნებს, სადაც შელფურ ნაწილზე ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიება მიმდინარეობს.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, ხელმოწერამდე მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და კომპანია OMV Petrom S.A - ის ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა გაიმართა.
„პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება თანამშრომლობას ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი OMV - ის შვილობილ კომპანია OMV Petrom S.A - თან და მზადაა, მხარი დაუჭიროს მას პროექტის წარმატებით განხორციელების პროცესში.
კონტრაქტი გულისხმობს შავი ზღვის კონტინენტურ შელფში (ფართობი 5282 კმ2), 25 წლის ვადით გეოლოგიური და გეოფიზიკური მონაცემების მოპოვებას, შეძენას, დამუშავებას და ხელახალ ინტერპრეტაციას - ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად. „OMV PETROM“ - ი ევროპის ნავთობმომპოვებელი კომპანიების ათეულში შემავალი „OMV“ - ის შვილობილი კომპანია.
კონტრაქტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა და OMV Petrom S.A - ის კომპანიის ბიზნესის განვითარებისა და კომერციულმა დირექტორმა ხოსე რაფაელ დუქუე-რამირესმა და ამავე კომპანიის ბიზნესის შეფასებისა და კვლევების დირექტორმა ბერნჰარდ კრაინერმა. ხელმოწერას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სააგენტომ ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად შავი ზღვის II და III სალიცენზიო ბლოკზე ღია საერთაშორისო ტენდერი 2020 წლის 22 ივნისს ჩაატარა, რომლის დროსაც II სალიცენზიო ბლოკზე გამარჯვებულად გამოცხადდა უმსხვილესი ავსტრიული ნავთობკომპანიის OMV ჯგუფის წევრი კომპანია OMV PETROM S.A.
ტენდერში გამარჯვებული კომპანია განახორციელებს ორ და სამგანზომილებიან სეისმოსაძიებო სამუშაოებს, ბოლო ეტაპზე კი დაიწყება ბურღვა. ბურღვის ეტაპის ღირებულება დამოკიდებულია კვლევების შედეგებზე. ანალოგიური პროექტის ღირებულება - რუმინეთის ტერიტორიულ წყლებში არსებული „დომინოს“ საბადოს აღმოჩენა, რომელიც ავსტრიულ OMV - ს უკავშირდება, 1,5 მლრდ აშშ დოლარია.
შავი ზღვის აუზის ქვეყნებიდან საძიებო ოპერაციები ხორციელდება თურქეთში, რუსეთში, ბულგარეთში, რუმინეთსა და უკრაინაში. ძებნა-ძიების შედეგად აღმოჩენილია ნახშირწყალბადების დიდი საბადოები რუმინეთსა და უკრაინაში, ახლოსაა კომერციულ აღმოჩენასთან ბულგარეთი, სადაც OMV PETROM ი კომპანია ოპერირებს. 2005 – 2019 წლებში გადასახადის სახით აღნიშნულ კომპანიას რუმინეთში გადახდილი აქვს 30.4 მლრდ ევრო“,-აღნიშნულია კომპანია OMV PETROM-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.