ოთარ გრიგოლია - ელექტრონული მუსიკის სივრცეებში დასაქმებულების ფინანსური დახმარება მათ საქმიანობის გაგრძელების საშუალებას მისცემს

ელექტრონული მუსიკის სივრცეებში დასაქმებულების ფინანსური დახმარება მათ საქმიანობის გაგრძელების საშუალებას მისცემს, - ასე ეხმაურება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია თბილისში, ელექტრონული მუსიკის სივრცეებში დასაქმებული 500-ზე მეტი ადამიანის და 50-ზე მეტი საკლუბო ორგანიზაციისთვის ფინანსური დახმარების გაწევის შესახებ თბილისის მერიის გადაწყვეტილებას.

მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება გართობის და ელექტრონული მუსიკის წარმომადგენლებს დაეხმარება, რომ ზაფხულის სეზონს მომზადებულები შეხვდნენ.

„ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ იმ ინდუსტრიებს, რომლებიც გართობის და ამ შემთხვევაში ელექტრონული მუსიკის მიმართულებით მუშაობენ, გავუწიოთ დახმარება, რომ ზაფხულის სეზონს მომზადებულები შეხვდნენ. ამ სფეროს წარმომადგენლები პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო მნიშვნელოვნად დაზარალდნენ. მუნიციპალიტეტის ფინანსური დახმარება მათ საშუალებას მისცემს, გააგრძელონ ის ეკონომიკური აქტივობა და საქმიანობა, რასაც აქამდე აკეთებდნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რეალურად, ჩვენ მათ ხელს შევუწყობთ, რომ ისინი მზად შეხვდნენ ახალ სეზონს“,- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

როგორც ცნობილია, თბილისის მერია ელექტრონული მუსიკის სივრცეებში დასაქმებულებს დახმარებას სთავაზობს, რისთვისაც 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.