ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი სგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ - მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
ღარიბაშვილმა საზოგადოებას თხოვნით მიმართა, დაიცვან ელემენტარული წესები, რათა არ დავუშვათ ვირუსის მესამე ტალღის განვითარება ქვეყანაში.
„ჩვენ მთელი რიგი შეზღუდვები მოვხსენით, თუმცა ბოლო დღეებში ვაკვირდებით დინამიკას და გარკვეული მატება შეინიშნება შემთხვევების, ასევე შეინიშნება საზოგადოების მხრიდან ყურადღების მოდუნება და რეკომენდაციების უგულვებელოფა. ბოლო დღეებში ცნობილი გახდა, რომ პირბადის ტარების მაჩვენებელი საგანგაშოდ დაეცა, რაც კატეგორიულად დაუშვებელია. მინდა, თხოვნით მივმართო მოსახლეობას, რომ ეს ელემენტარული, მარტივი წესი დავიცვათ ყველამ იმისთვის, რომ არ დავუშვათ მესამე ტალღის განვითარება ქვეყანაში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ქვეყანაში შემოტანის პროცესს და აღნიშნა, რომ ვაქცინის პირველი პარტია მალე შემოვა.
„იცით თქვენ, რომ მეც უშუალოდ ვარ ჩართული ვაქცინის მწარმოებელ კომპანიებთან, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან და მალე ჩვენ ველოდებით ვაქცინის პირველ პარტიას, როგორც მინისტრმა ამის თაობაზე საზოგადოებას ჩააბარა ანგარიში. მანამ, ვიდრე ვაქცინაცია დაიწყება, ძალიან მნიშვნელოვანია ვიყოთ ყურადღებით, რომ ხელი არ შევუწყოთ ვირუსის გავრცელებას, რამაც არ უნდა გვაიძულოს გარკვეული შეზღუდვები კიდევ ერთხელ დავაბრუნოთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.