ირაკლი ღარიბაშვილი - გუშინ გავაფორმეთ კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს ნავთობის და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოების დაწყებას საქართველოში

"გუშინ გავაფორმეთ კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს ნავთობის და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოების დაწყებას საქართველოში, შავი ზღვის აკვატორიაში“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, კომპანია „OMV PETROM’ მზაობას გამოხატავს, ძალიან მალე დაიწყოს პირველი ფაზის განხორციელება.

„მინდა გამოვეხმაურო გუშინდელ შეთანხმებას, რომელიც გააფორმა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ერთ-ერთი უდიდეს ავსტრიულ კომპანიასთან „OMV PETROM“ კომპანიასთან, რომელიც საქართველოში შემოვიდა.

ჩვენ გუშინ გავაფორმეთ კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს ნავთობის და გაზის ძებნა-ძიების სამუშაოების დაწყებას საქართველოში, შავი ზღვის აკვატორიაში, აქედან გამომდინარე, მე მინდა, კიდევ ერთხელ, სიხარულით აღვნიშნო ეს ფაქტი.

ეს არის იმის დემონსტრირება, რომ ისეთი მსხვილი კომპანია როგორიც არის „OMV PETROM“ გამოხატავს სრულ მზაობას, რომ ძალიან მალე დაიწყოს პირველი ფაზის განხორციელება საქართველოში, რაც კიდევ ერთხელ იმის დადასტურებაა, რომ საქართველოში არის ძალიან კარგი ბიზნეს გარემო“,- აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.