სათამაშოების მწარმოებელმა დანიურმა კომპანიამ Lego 2020 წელი შემოსავლების რეკორდული მაჩვენებლით დაასრულა. კორონავირუსის პანდემიის ფონზე Lego-ს პროდუქციაზე ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის მოთხოვნა გაიზარდა.
კომპანიის წმინდა მოგება საანგარიშო პერიოდში 19%-ით ანუ 9,92 მლრდ კრონამდე (1,6 მლრდ დოლარი) გაიზარდა მაშინ, როცა წინა წელს მოგება 8,31 მლრდ კრონს შეადგენდა. 19%-ით გაიზარდა მისი ოპერაციული მოგებაც - 10,84 მლრდ-დან 12,91 მლრდ კრონამდე.
კომპანიის წლიურმა შემოსავალმა 43,656 მლრდ კრონი შეადგინა, რაც 2019 წელთან შედარებით 13%-ით მეტია. მაშინ კომპანიის შემოსავალი 38,544 მლრდ კრონი იყო. Bloomberg-ის ცნობით, ეს არის მაქსიმალური წლიური შემოსავალი, რაც კომპანიას ოდესმე მიუღია.
აღსანიშნავია, რომ გასულ წელს კომპანიამ მსოფლიო მასშტაბით დამატებით 134 მაღაზია გახსნა, მათ შორის 91 - ჩინეთში. 2021 წელს Lego კიდევ 120 მაღაზიის გახსნას გეგმავს, საიდანაც 80 ჩინეთში გაიხსნება.
2020 წლის მონაცემებით, კომპანიაში 20,468 პირია დასაქმებული მაშინ, როცა ერთი წლით ადრე დასაქმებულთა რაოდენობა 18,800 პირს შეადგენდა.