„სამინისტროს სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვის  და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით ხელშესახები შედეგები აქვს"

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი პარლამენტის აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომას დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, სხდომაზე, სამინისტროს და სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების 2020 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში, სურსათის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის საქმიანობის შედეგები წარადგინეს და არსებულ გამოწვევებზე იმსჯელეს.

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში განმარტავენ, სხდომაზე აღინიშნა, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი, რაც სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებით ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებას გულისხმობს, გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

„სამინისტროს, ევროინტეგრაციის, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიის, მცენარეთა დაცვის და ლაბორატორიული შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით ხელშესახები შედეგები აქვს. ამავდროულად, მიმდინარეობს მუშაობა იმ გამოწვევებზე, რომლებიც დღის წესრიგში დგას. თანამედროვე სტანდარტების, ტექნოლოგიების დანერგვა და ის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც სამინისტრო ახორციელებს ქართული პროდუქციის ხარისხის, კონკურენტუნარიანობის და საექსპორტო პოტენციალის ზრდის წინაპირობაა“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.