აშშ  „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ისთვის დამატებითი სანქციების დაწესებას განიხილავს

აშშ-მა შესაძლოა, ცალმხრივად დაუწესოს სანქციები პროექტ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მონაწილეებს. ამის შესახებ სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„პერსპექტივაში სანქციების გამოყენების სხვადასხვა შესაძლებლობას განვიხილავთ“, - განაცხადა მან წარმომადგენელთა პალატის საგარეო საკითხთა კომიტეტში გამართულ მოსმენაზე. სანქციები, კერძოდ, შეეხება პროექტის ოპერატორ კომპანია Nord Stream 2 AG-ს, რომლის ერთადერთი აქციონერი რუსული კომპანია Газпром-ია.

ამ თემაზე ბლინკენს შეკითხვა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა დაუსვა. ის ასევე, დაინტერესდა, თუ რატომ არ იყენებს აშშ უფრო აქტიურად ცალმხრივ სანქციებს გაზსადენის მშენებლობაში მონაწილე ხომალდების მიმართაც.

„ჩვენ მეტად ყურადღებით და მონდომებით ვაკვირდებით ამ პროცესს. ჩვენ ამით ყოველდღიურად ვართ დაკავებული“, - უპასუხა ბლინკენმა და კონგრესმენს შეახსენა, რომ სანქციების გამო ამ პროექტში ჩართვაზე მანამდე 18-მა კომპანიამ თქვა უარი.

კინზინგერმა დამატებითი კითხვით მიმართა ბლინკენს, აქვს თუ არა აღმასრულებელ ხელისუფლებას ინფორმაცია პროექტის მშენებლობის დამზღვევ კომპანიაზე და თუ განიხილება ამ კომპანიის მიმართაც სანქციების დაწესება.

„გეთანხმებით, რომ საჭიროა ყველა ამ ორგანიზაციაში ჩახედვა: ჩვენ უნდა გავიგოთ, აგრძელებენ თუ არა ისინი საქმიანობას დაწესებული სანქციების მიუხედავად“, - აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

კინზინგერმა მას მოუწოდა, პროექტის რეალიზაციის დამზღვევ კომპანიებზე ინფორმაცია კოპენჰაგენში, დანიის ხელისუფლებასთან გაარკვიოს, რადგან გაზსადენმა სწორედ დანიის წყლებში უნდა გაიაროს.

კოკა კვირკველია