რა გააკეთა ამ ორმა დიდმა ბანკმა? - გადაწყვიტა მუქთად ჩაიგდოს ხელში ეს მილიარდები - რომან გოცირიძე ანაბრების გაიაფებაზე

"ვისაც ბანკში ანაბრის ვადა გაგივიდათ, ალბათ უსიამოვნო ფაქტს წააწყდით-უცხოურ ვალუტაში ანაბრების ისედაც დაბალი საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო შეგიმცირდათ",- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე საკუთარ "ფეისბუქ" გვერდზე წერს.

როგორც ის პოსტში აღნიშნავს, მოქალაქეების დანაზოგების უდიდესი ნაწილი ორ მსხვილ ბანკშია თავმოყრილი, რომლებმაც "სავარაუდოდ, მოილაპარაკეს და ერთდროულად მკვეთრად დაწიეს ანაბრების პროცენტები".

"ბიზნესპრესნიუსი" რომან გოცირიძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

"ვისაც ბანკში ანაბრის ვადა გაგივიდათ, ალბათ უსიამოვნო ფაქტს წააწყდით-უცხოურ ვალუტაში ანაბრების ისედაც დაბალი საპროცენტო განაკვეთები კიდევ უფრო შეგიმცირდათ. საქართველოს საბანკო სისტემაში 35 მილიარდი ლარის ეკვივალენტი დეპოზიტებია განთავსებული. აქედან 62 პროცენტი უცხოურ ვალუტაშია დენომინირებული. ფიზიკური პირების შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კიდევ უფო მაღალია - ანაბრების 77 პროცენტი უცხოურ ვალუტაში (ძირითადად, დოლარში) არის განთავსებული. ჩვენი მოქალაქეების დანაზოგების უდიდესი ნაწილი ორ მსხვილ ბანკშია თავმოყრილი. რა გააკეთა ამ ორმა დიდმა ბანკმა- თი-ბი-სიმ და საქართველოს ბანკმა? გადაწყვიტა მუქთად ჩაიგდოს ხელში ეს მილიარდები. სავარაუდოდ, მოილაპარაკეს სულ ახლახან ერთმანეთში და ერთდროულად მკვეთრად დაწიეს ანაბრების პროცენტები. დღეისათვის, მაგალითად, ერთწლიან ანაბარზე სარგებელი დოლარში 1,25-1,35 პროცენტია, ევროში-0,45 პროცენტი. ალბათ გაიფიქრეთ, ამით სესხის პროცენტსაც ხომ შეამცირებენ და იქნებ ეშველათ მომხმარებლებსო? არ იზამენ. შარშანაც შეამცირეს ანაბრის პროცენტები (მათ შორის ლარში), მაგრამ კრედიტები უცხოურ ვალუტაში პირიქით, 0,9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო ეროვნულ ვალუტაში, ფაქტობრივად, იგივე დარჩა (მხოლოდ 0,2 პროცენტით შემცირდა).

როცა სიმწრით ნაშოვნ ფულს სხვაგან ვერსად დააბანდებ ქვეყანაში, როცა ბანკების მძევალი ხარ, სხვა რა გზა გაქვს, ისევ “ბანკებს უნდა ებარებოდე”. მიებარები და შემოსავლების გარეშე დაგტოვებენ. რას აკეთებს ამ დროს ეროვნული ბანკი, ანტიმონოპოლიური რეგულატორი ამ სფეროში? არაფერს. ეს არაა პირველი შემთხვევა მსხვილ ბანკებს შორის საეჭვო გარიგებებისა, მაგრამ ეროვნული ბანკს ამის შესწავლითაც კი არ შეუწუხებია თავი.

p.s. დეპოზიტებზე პროცენტების შემცირებას როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზები აქვს, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ბანკებს შორის შესაძლო გარიგებას, უფრო პირიქით - ამ მიზეზებზე გადაბრალებით ხელ-ფეხი ეხსნებათ სამოქმედოდ",- წერს რომან გოცირიძე.

ნინი ქეთელაური