„ვაქცინის დამატებითი დოზების მიღებისთვის მოლაპარაკება მიმდინარეობს პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის ისრაელთან „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნას“ მისაღებად"

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ვაქცინის დამატებითი დოზების მიღებისთვის მოლაპარაკება მიმდინარეობს ყველა პარტნიორ ქვეყანასთან, მათ შორის ისრაელთან „ასტრაზენეკასა“ და „მოდერნას“ მისაღებად.

ამასთან, როგორც ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, მოლაპარაკება მიმდინარეობს გერმანიის მთავრობასთანაც, თუმცა მათგან ვაქცინის მიღება მხოლოდ წლის მესამე კვარტალში იქნება შესაძლებელი.

„სხვადასხვა მომწოდებელთან გვაქვს მოლაპარაკებები. ეს არის როგორც „ასტრაზენეკას“ სხვადასხვა მწარმოებელი - ინდოეთი, კორეა, ასევე მოლაპარაკებები გვაქვს „მოდერნასთან“ და „ჯონსონ ენდ ჯონსონთან“. „კოვაქს პლატფორმასთან“ შემდეგ დოზებზეც უკვე მიმდინარეობს დადგენა, როდის იქნება მოწოდებული. ასევე გვაქვს მოლაპარაკებები პარტნიორ ქვეყნებთან. ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელის სახელმწიფოსთან. ისრაელთან ორი მიმართულებით გვაქვს მოლაპარაკება - ერთი არის „ფაიზერის“ ვაქცინა და მეორე არის „მოდერნას“ ვაქცინა, რომლის დამატებითი დოზების შეძენა და დონაცია შეიძლება მოხდეს ისრაელის სახელმწიფოს მხრიდან. ასევე ინტენსიურადაა ჩართული გერმანიის მთავრობა, რომელთანაც გვაქვს მოლაპარაკებები მათ მიერ წარმოებულ ვაქცინებთან დაკავშირებით, თუმცა ამ მიმართულებით ვიცით, რომ მოწოდება შეიძლება მოხდეს მხოლოდ მესამე კვარტალში და არა უფრო ადრე. პარალელურ რეჟიმში საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ყველა პარტნიორ ქვეყანასთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები დამატებითი დოზების შეძენასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ტიკარაძემ.