ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას წინასწარი მოლაპარაკებები უკვე დაწყებული აქვს ჩინურ მხარესთან, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები შემოვიდეს.
როგორც მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, ჩინური ვაქცინა იმ ვაქცინების რიცხვშია, რომელიც უახლოს მომავალში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას მიიღებს.
ამასთან, ტიკარაძის თქმით, პირველი ეტაპისთვის შეკვეთილია 100 ათასი ვაქცინა და „კოვაქს პლატფორმიდან“ ვაქცინებზე დამატებით ხელმისაწვდომობაც იქნება.
„როგორც ვიცით, ჩინური ვაქცინა არის იმ ვაქცინების რიცხვში, რომელიც უახლოეს მომავალში მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას მიიღებს. ჩვენ, როგორც „ასტრაზენეკას“ და ასევე, „ფაიზერის“ შემთხვევაში, წინასწარი მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე „კოვაქს პლატფორმასთან“. ასევე, ჩინურ ვაქცინას მიღებული აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზაცია, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ინტენსიურად გავარძელოთ მოლაპარაკებები. პირველი ეტაპისთვის პირდაპირ მომწოდებელთან მცირე დოზა გვაქვს შეკვეთილი, ეს არის 100 ათასი ვაქცინა და უკვე „კოვაქს პლატფორმიდან“ ვაქცინებზე დამატებით ხელმისაწვდომობა გაგვიჩნდება. ეს არის „სინოფარმი“, - განაცხადა ტიკარაძემ.