გასულ წელს, საქართველოდან ჩირის ექსპორტმა ბოლო 5 წლის მაქსიმუმს მიაღწია. კერძოდ, 2020 წელს ექსპორტზე 600 ტონაზე მეტი ჩირი გავიდა (2 მლნ აშშ დოლარი), რაც 2019 წელთან შედარებით, 46% -ით მეტია.
2020 წელს ქართული ჩირის 48% გერმანიაში გავიდა, 20% - რუსეთში, ხოლო 13% - ჩინეთში. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გაზრდილია ზოგადად საექსპორტო ბაზრებიც. თუ 2016 წელს ქართული ჩირი მხოლოდ 11 ქვეყანაში გავიდა, 2020 წელს ქვეყნების რაოდენობა 24-მდე გაიზარდა.
აღსანიშნავია, რომ 2020 წელს ქართველმა ფერმერებმა ვაშლის, ქლიავის და ხურმის კარგი მოსავალი მიიღეს, რაც ექსპორტის მაჩვენებლებშიც შესაბამისად აისახა. გაიზარდა ისეთი ხილის ექსპორტი, როგორიცაა ვაშლი და ხურმა. როგორც East fruit-ი წერს, ხურმის შემთხვევაში, 2020 წელს ექსპორტი 38% -ით გაიზარდა, ხოლო ვაშლი საქართველომ რეკორდული რაოდენობით გაიტანა. კარგ მოსავალთან ერთად, ხილის გადამუშავება (მათ შორის ჩირის სახით) და მისი ექსპორტი კი, ბუნებრივად გაიზარდა.
გარდა ამისა, 2020 წელს ხილის მწარმოებელმა კომპანიებმა მიაღწიეს სპეციალურ შეთანხმებებს ექსპორტიორებთან და ახალ ბაზრებზეც გავიდნენ. აღნიშნული განვითარების მიზეზი საწარმოებში სურსათის უვნებლობის ახალი სტანდარტების დანერგვა გახდა, რაც ხშირად ექსპორტის წინაპირობაა.
Gemuani, რომელიც დასავლეთ საქართველოში მდებარეობს, 30-მდე სხვადასხვა სახეობის გაყინულ ჩირს აწარმოებს, 2019 წელს საერთაშორისო სურსათის სტანდარტის (IFS) სერტიფიკატი მიიღო, რის შემდეგაც საექსპორტო ბაზრებზე მათი პროდუქციისადმი ინტერესი გაიზარდა. ამასთან, 2020 წელს კომპანიამ შეიძინა ისეთი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი, როგორიცაა Nestle. შედეგად, გასული წლიდან Gemuani Nestle-ს რუსეთის ფილიალის ნედლეულის მიმწოდებელი გახდა. მართალია, კომპანია ხელშეკრულების დეტალებს არ ამხელს, თუმცა 2020 წელს საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებულია 120 ტონა ჩირი, რაც 33% -ით მეტია წინა წლებთან შედარებით.
კიდევ ერთი კომპანია, რომელმაც 2020 წელს ახალი სავაჭრო პარტნიორები შეიძინა და ექსპორტი გაზარდა, ეს არის „ქარელი ხილი“, რომელიც შიდა ქართლში მდებარეობს. გარდა ტრადიციული ვაშლის და ქლიავისა, კომპანია აწარმოებს საზამთროს და ნესვის ჩირსაც. 2020 წლიდან „ქარელი ხილმა“ დანერგა სურსათის უვნებლობის ახალი სტანდარტი და ISO 22000 – დან გადავიდა FSSC 22000 სტანდარტზე, რაც ითვალისწინებს საკვების უსაფრთხოების მკაცრ ზომებს.
„ქარელი ხილის“ დირექტორის ანანო ბეჟანიშვილის თქმით, ახალი სტანდარტის დანერგვა აუცილებელი იყო იმისთვის, რომ მათი პროდუქტები საექსპორტო ბაზრებზე უფრო მოთხოვნადი ყოფილიყო. შედეგად, 2020 წელს იაპონია დაინტერესდა მათი პროდუქციით. აღნიშნული ქვეყნისგან ყველაზე მეტად მოთხოვნადი კი, ადგილობრივ ბაზარზე ნაკლებად პოპულარული საზამთროსა და ნესვის ჩირი გახდა.
საერთო ჯამში, 2020 წელს კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის 30% ექსპორტზე გავიდა, ეს მაშინ, როდესაც 2019 წელს მხოლოდ 5%-ს შეადგენდა.