პესტიციდების და აგროქიმიკატების ხარისხის მონიტორინგის და ფერმერთა ინტერესების დაცვის მიზნით, საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან ერთად, სურსათის ეროვნული სააგენტო სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს აქტიურად განახორციელებს.
როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, 2020 წელს, პანდემიის გამო შექმნილი ვითარების მიუხედავად, სააგენტოს სპეციალისტთა ჯგუფები სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, მუდმივ რეჟიმში ამოწმებდნენ სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების მაღაზიებს.
„ამ პერიოდში შემოწმდა 500-მდე სარეალიზაციო ობიექტი, გამოვლინდა 154 სამართალდარღვევა (მარკირების ,შენახვის, რეალიზაციის წესების და ვადების წესების დარღვევა), რაზეც გატარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული სანქციები - ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და აეკრძალათ უხარისხო ქიმიკატების რეალიზაცია.
სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს უხარისხო და ფალსიფიცირებული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღების მიზნით, სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს, მიმდინარე წელს დაგეგმილია 300-მდე ნიმუშის აღება და ლაბორატორიული გამოკვლევა“,-აღნიშნავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.