"2016 წლიდან - დღემდე სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებებით 412 მილიონი მიიმართა"

დღესდღეობით 1797 დასახლებას გააჩნია მაღალმთიანი სტატუსი, აქედან 1767 სოფელია, დანარჩენი კი - ქალაქები და დაბები; 258 000 ადამიანი სარგებლობს იმ შეღავათებით, რომელიც დაწესებულია და 439 საწარმოს აქვს მაღალმთიანის სტატუსი, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, მთის განვითარების ეროვნული საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.

მინისტრის შეფასებით, მზარდია 2021-2023 წლების სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც უკვე 20%-ით მეტი პროექტის განხორციელება იგეგმება, რომელთა ჯამური ღირებულება 973 მილიონი ლარი იქნება.

„ხაზგასასმელია 2019-2020 წლების შედეგები პროექტების განხორციელების თვალსაზრისით, სადაც გეგმასთან 15 %-იანი გადაჭარბებაა და განხორციელებულმა პროექტებმა ჯამურად 903 მილიონი ლარი შეადგინა. აქ შედის ასობით კილომეტრი გზა, წყლის სისტემები, სკოლები, როგორც საბავშვო ბაღების, ისე სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. კიდევ უფრო მზარდია 2021-2023 წლების სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც უკვე 20%-ით მეტი, ჯამში 973 მილიონი ლარის ღირებულების პროექტების განხორციელება იგეგმება", - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.