რამდენი კომპანია მოხვდა შესყიდვების სააგენტოს „შავ სიაში“ 2020 წელს

პანდემიურ 2020 წელს შესყიდვების სააგენტოს „შავ სიაში“ მოხვედრილი კომპანიების რაოდენობა შემცირდა.

კერძოდ, შარშან სააგენტომ „შავ სიაში“ 434 კომპანია შეიყვანა, ეს კი 158 ერთეულით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. 2019 წელს „შავ სიაში“ 592 კომპანია მოხვდა.

,,ბიზნესპრესნიუსისთვის“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2020 წელს „შავ სიაში“ მოსახვედრად 598 განაცხადი შევიდა. განხილვის შემდეგ აქედან 113-ს მიეცა გაფრთხილება, 41-ს უარი ეთქვათ „შავ სიაში“ დარეგისტრირებაზე, ხოლო წერილობითი შეტყობინების განუხილველად დატოვების შესახებ 10 განკარგულება გაიცა.

ამასთან, 15 შემთხვევაში ადმინისტრაციული წარმოება შეჩერდა სასამართლოს შესაბამისი განჩინების საფუძველზე, რომლითაც სააგენტოს შეეზღუდა გადაწყვეტილების მიღების უფლება.

სააგენტოს 2019 წლის ანგარიშის მიხედვით, „შავ სიაში“ მიმწოდებლების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, სააგენტოში წარდგენილი იქნა 807 მომართვა, აქედან 592 შემთხვევაში მიმწოდებლები სააგენტოს მიერ „შავ სიაში“ დარეგისტრირდნენ.

ცნობისთვის, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო არაკეთილსინდისიერ მიმწოდებელთა რეესტრის, ე.წ. „შავი სიის“ წარმოებას ახორციელებს. კანონმდებლობის თანახმად, „შავ სიაში“ დარეგისტრირებულ პრეტენდენტს/მიმწოდებელს „შავ სიაში“ რეგისტრაციიდან ერთი წლის განმავლობაში არ აქვს უფლება, მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვაში და დადოს ხელშეკრულება. სახელმწიფო შესყიდვის ელექტრონული საშუალებით განხორციელების შემთხვევაში, სისტემა პრეტენდენტს ავტომატურად უზღუდავს წინადადების წარდგენის უფლებას.

თამარ მუკბანიანი