წელს ვმუშაობთ იმაზე, რომ ზარალზე არ გავიდეთ და თავი შეინახოს სასტუმრომ - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ჰოტელიერმა და სასტუმრო „გუდაური ლოფტის“ ხელმძღვანელმა მაია მურაჩაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მიუხედავად ფასების 50%-ით შემცირებისა, გუდაურში სასტუმროს დატვირთვა 10%-ს არ სცდება.
ამასთან, როგორც მაია მურაჩაშვილი აცხადებს, ზამთრის კურორტებს ძირითადად ადგილობრივი დაბალბიუჯეტიანი ტურისტები სტუმრობენ.
„ზამთრის ტურიზმი ჩავარდნილია. მცირე რაოდენობით ტურისტები არიან და ისიც დაბალბიუჯეტიანი. ამ ეტაპზე მოლოდინში ვართ, უნდა გავიაროთ რეგულაციები, რომ გავხსნათ ახალი სასტუმრო მესტიაში. აქ ველოდებით 5-6 ჯგუფს გერმანია-შვეიცარიიდან. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ უახლოეს მომავალში მათ ვუმასპინძლებთ. თუმცა, მესტია მაინც არ არის მხოლოდ ზამთრის სეზონის კურორტი და ზაფხულისთვის მაღალია როგორც ინტერესი, ისევე ჯავშნები. ასე რომ, ივნისის დასაწყისიდან უფრო მეტი მოლოდინია, რომ მესტიაში მივიღებთ სტუმრებს“, - განაცხდა მურაჩაშვილმა.
მისივე თქმით, რეგულაციებმა გაზარდა ოთახების თვითღირებულება, მაგრამ სტუმრების სიმცირიდან გამომდინარე, სასტუმროებს ფასის შემცირება უწევთ.
,,არცერთი რეგულაცია კომფორტული არ არის, ეს ცალსახაა, მაგრამ მთელს სამყაროს ამ რეალობაში გვიწევს ცხოვრება კოვიდის პარალელურად. თავისთავად ცხადია, თავდაპირველ ეტაპზე, კართან რომ უზომავ სიცხეს სტუმარს, უკვე იწყება მასპინძლობა დისკომფორტით, თუმცა ახლა სხვა გზა არაა.
ამასთან, ხარჯები გაეზარდა ბიზნესს იმის გამო, რომ რეგულაციები აღსრულდეს სწორად. სასტუმროს რესტორანში, თუ 60 ადამიანის განთავსების საშუალება მქონდა, ახლა მაქსიმუმ 30 ადამიანზე უნდა გადავანაწილო. გარდა ამისა, დამატებითი კადრების საჭიროება გაჩნდა. რადგან, ძველი სტილით ვეღარ იარსებებს შვედური მაგიდაც. საჭიროა ბარი და მის უკან ორი ადამიანი, რომელიც კერძს ინდივიდუალურად მიაწვდის.
ყველაფერმა ერთად, გაზარდა სასტუმროს ღირებულება, თუმცა ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვერ ავწევთ ფასებს. პირიქით, გვიწევს ფასის შემცირება, რადგან მომხმარებელი ცოტაა. წელს ვმუშაობთ იმაზე, რომ ზარალზე არ გავიდეთ და თავი შეინახოს სასტუმრომ. გუდაურში ნაცვლად 495 ლარისა 250 ლარი ღირს ნომერი. შარშან მაღალი ფასით ოთახები არ მყოფნიდა, წელს კი განახევრებულია და გუდაურში სასტუმროს დატვირთვა 7-10%-ს არ სცდება“, - აცხადებს მურაჩაშვილი ,,ბიზნესპრესნიუსთან“.
ცნობისთვის, საქართველოს მასშტაბით სამთო კურორტები 25 თებერვლიდან გაიხსნა, ხოლო საბაგიროები მხოლოდ 8 მარტს ამუშავდა.