ფრანგული Le Monde წერს, რომ ფინეთში რიგითი თანამშრომლიდან დაწყებული და ხელმძღვანელი პირით დამთავრებული, უმრავლესობა მეტად კმაყოფილია დისტანციური მუშაობით, რაც 2020 წლის მარტში დაწესდა. იმ პერიოდიდან დისტანციურ მუშაობაზე ფინეთში დასაქმებული პირების თითქმის ნახევარი, ანუ მილიონზე მეტი მოქალაქეა გადასული.
ეს ევროკავშირში ერთ-ერთი მაღალი მაჩვენებელია. სწორედ ფინელების ასეთი სიმტკიცის შედეგია ის, რომ მოსახლეობით ხუთნახევარმილიონიან ქვეყანაში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ყველაზე მცირეა, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტი გასულ წელს მხოლოდ 3,2%-ით შემცირდა.
ფინეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფის მიერ პერიოდულად ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, 1164 თანამშრომლიდან მარტში 85% მეტად კმაყოფილი იყო სახლში მუშაობით, ოქტომბერში კი - 86%. მკვლევართა დასკვნით, ადამიანები გრძნობენ, რომ მათი პროდუქტიულობის დონე ამაღლდა და ამასთან ერთად, მათ გაიუმჯობესეს ბალანსი სამსახურსა და პირად ცხოვრებას შორის.
1996 წლიდან ფინელების უმრავლესობას კანონმდებლობა უფლებას აძლევს, თავისი სამუშაო დღე 3 საათით ადრე ან გვიან დაწყება-დამთავრებით დააკორექტიროს. 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი კანონი, რომელიც ხელმძღვანელ პირებთან შეთანხმებით, მუშახელს უფლებას აძლევს აირჩიოს, სად და როდის სურს თავისი სამუშაოს მინიმუმ 50%-ის შესრულება.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ