PwC-ის მიერ ჩატარებული ყოველწლიური გამოკითხვის მიხედვით, პანდემიის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ მსხვილი კომპანიების ხელმძღვანელების ოპტიმიზმმა რეკორდულ დონეს მიაღწია.
კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხული აღმასრულებელი დირექტორიდან 76% გლობალური ეკონომიკის ზრდის განახლებას მოელის. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებლია, მოყოლებული 2012 წლიდან, როცა მსოფლიო ეკონომიკის პროგნოზირების საკითხი კვლევებში პირველად შეიტანეს. მაგალითად, 2019 წელს გამოკითხულთა შორის ოპტიმისტების რაოდენობა 42%-ს შეადგენდა, გასულ წელს კი მხოლოდ - 22%-ს.
ამასთან, პესიმისტების რაოდენობა, რომლებიც მსოფლიოში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებას მოელიან, მიმდინარე წელს 14%-მდე შემცირდა. გასულ წელს ეს მაჩვენებელი რეკორდულად მაღალი იყო და 53%-ს შეადგენდა, 2019 წელს კი - 29%-ს.
გამოკითხულთა 10% წელს არანაირ ცვლილებას არ მოელის. ასეთი რესპოდენტების რაოდენობა 2020 წელს 24% იყო, 2019 წელს კი - 28%.
რესპოდენტთა დიდი ნაწილი, რომელიც მსოფლიო ეკონომიკის ზრდის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი, ჩრდილოამერიკასა და დასავლეთ ევროპაში აღმოჩნდა: შტატებში - 86%, ევროპაში - 76%.
აღმასრულებელ დირექტორთა 36% დარწმუნებულია, რომ წელს მათი კომპანიების მოგება გაიზრდება. 2020 წელს ასეთი მოლოდინი მხოლოდ 27%-ს ჰქონდა.
ყველაზე მეტი ოპტიმიზმით ტექნოლოგიებისა (45%) და ტელეკომუნიკაციების (43%) კომპანიების ხელმძღვანელები გამოირჩევიან. თუმცა არის სფეროები, რომლებშიც ხელმძღვანელი პირები კომპანიების მოგების ზრდას ყველაზე ნაკლებად მოელიან. ასეთია ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მიმართლება - 29%. ასევე, სასტუმროების ბიზნესი და ტურისტული მომსახურება - 27%.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ