მეფუტკრე ფერმერებისთვის დარგობრივი რეკომენდაციები შემუშავდება

მეფუტკრეობის დარგში არსებული გამოწვევები და მეფუტკრე ფერმერთა საჭიროებები განიხილეს ონლაინ შეხვედრაზე, რომელიც სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.

„ფერმერებისთვის თანამედროვე დარგობრივ ცოდნაზე მაქსიმალური წვდომის უზრუნველყოფა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. აქტიურად ვაგრძელებთ ფერმერთა საექსტენციო მომსახურებას, სადაც დარგობრივი ასოციაციების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა, ლაშა შალამბერიძემ.

შეხვედრაზე ფუტკრის დაავადებებთან, მათ შორის, ვარვატოზთან, ბრძოლის და ფუტკრის ოჯახების აღდგენის საკითხებზე იმსჯელეს. შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული მიმართულებებით ელექტრონული და ბეჭდური საინფორმაციო მასალები უნდა შემუშავდეს; მეფუტკრე ფერმერებისთვის რეგიონებში ტრენინგები ჩატარდება.

შეხვედრაში მონაწილეობა მეფუტკრეთა ასოციაციის წევრებმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს და სამეცნიერო კვლევითი-ცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს.