„ასე იცის ბიზნესის “შავად” და გაუმჭვირვალედ წარმოებამ“ - რომან გოცირიძე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წარმომავლობაზე

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2020 წელს 52,9%ით შემცირდა. ინვესტიციების შემცირებასა და ამის გამომწვევ მიზეზებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე ეხმაურება.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გასულ 2020 წელს საგანგაშოდ დაბალი იყო. ამაზე ნაკლები უცხოური კაპიტალი ბოლოს მხოლოდ 2005 წელს შემოვიდა.

ინვესტიციების 91 პროცენტი ე.წ. რეინვესტირება იყო, ანუ კომპანიებმა ჩატოვეს ფული ქართულ ბიზნესში. მხოლოდ 56 მილიონი დოლარი იყო სუფთად გარედან შემოსული, რაც ძალიან საგანგაშოა. ინვესტიციების უდიდესი ნაწილი საფინანსო სექტორზე მოდის, ანუ ეს ან გრძელვადიანი კრედიტებია ან წარსულში აღებული სესხების ბანკების კაპიტალში ჩაბრუნება.

„საქსტატი“ ინვესტიციების დრამატულად შემცირებას ხსნის იმით, რომ შეიცვალა რეზიდენტი, ანუ კაპიტალი უცხოელის საკუთრებიდან გადავიდა “საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში”. იყო სხვა ქვეყნის მოქალაქის თუ იურიდიული პირის, გახდა ჩვენი. სინამდვილეში, ამას კაპიტალის გატანა თუ გაქცევა ჰქვია. თვალსაჩინოებისათვის ერთი მაგალითიც კმარა: მსოფლიოში ცნობილი ბანკი, სოსიეტე ჟენერალე, 2016 წელს გავიდა საქართველოს ბაზრიდან. მიჰყიდა თავისი აქციები თი-ბი-სი ბანკს 340 მილიონ ლარად, გაიტანა დაახლოებით 140 მილიონი დოლარი და წავიდა, ანუ “რეზიდენტი შეიცვალა”. ვითომ არაფერი, ხომ?

ვნახოთ ახლა რომელი “რეზიდენტი შეიცვალა” გასულ წელს საქართველოში. ერთი კონკრეტული მაგალითი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკიდან: ვიღაცამ შარშან პანამაში გაიტანა 209 მილიონი დოლარი. პანამა ვისთან და რასთან ასოცირდება, კი ვიცით. აქ ორი რამ უნდა ვივარაუდოთ: პირველი, ივანიშვილმა საქართველოში არსებული თავისი პანამური კომპანიის აქტივები მიჰყიდა ვიღაც “ქართველს”-საქართველოს რეზიდენტს და ფული ოფშორში, პანამაში გადაიტანა, ან თავისი პანამური კომპანის წილი “მიყიდა” “საკუთარ თავს” საქართველოში. ერთსა და მეორე შემთხვევაშიც ფინანსურად კაპიტალის გატანა ფიქსირდება. აქ ისიცაა გასარკვევი, პანამიდან შემოსული ფული თავის დროზე აქედან გასული იყო და უკან შემობრუნებული თუ სხვა ოფშორებიდან პანამაში აკუმულირებული, სანამ ვიკილიქსში ამბები არ გასკდებოდა და პანამა უსაფრთხო თავშესაფრად იყო მიჩნეული ბევრისათვის.

ასეთი ჩახლართულია ჩვენი უცხოური ინვესტიციების წარმომავლობა. ასე იცის ბიზნესის “შავად” და გაუმჭვირვალედ წარმოებამ, როცა გამოძიების ჩატარებაა საჭირო, რომ მივხვდეთ, როგორც იტყვიან, თუ “რასთან გვაქვს საქმე”,“-წერს გოცირიძე.

თაია არდოტელი