ნათია თურნავა და ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შეხვედრას მართავენ

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შეხვედრას მართავენ.

როგორც ნათია თურნავამ შეხვედრაზე აღნიშნა, ინვესტორთან მიღწეულია რამდენიმე შეთანხმება და მათ შორის, ჰესის კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, ვიდრე კვლევების ხელახალი, ღია გადამოწმება არ მოხდება.

„დღეს ჩამოვედით ჩვენი ექსპერტების გუნდით, სამინისტროს წარმომადგენლებით და მოწვეული ექსპერტებით, ძალიან კომპეტენტური შემადგენლობით და მზად ვართ, პროექტის თითოეულ დეტალზე ვისაუბროთ. დიალოგს ყოველთვის მოაქვს თავისი შედეგი, ჩვენი ამოცანაა გავაჩინოთ მეტი ნდობა პროექტის მიმართ. პარალელურად, ჩვენ როდესაც მოსახლეობის, ექსპერტების წუხილებს, საპროტესტო აქციების მონაწილეების შეკითხვებს ვისმენდით, ვაწარმოეთ მოლაპარაკება ინვესტორთან, რომელიც „ნამახვანჰესს“ აშენებს.

მინდა მოგახსენოთ რამდენიმე შეთანხმების შესახებ, რაც კომპანიასთან შედგა და ვფიქრობ, ეს ასევე შემდგომი დიალოგის და თანამშრომლობის საწყისი იქნება. მიუხედავად იმისა, რომ „ნამახვანი ჰესის“ პროექტი ერთ-ერთი ყველაზე კარგად შესწავლილი პროექტია, ჩვენ შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ისინი არ დაიწყებენ ჰესის ძირითადი ნაგებობების, კერძოდ, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას, სანამ არ გავაკეთებთ რამდენიმე პრინციპული კვლევის ხელახალ გადამოწმებას. ამ კვლევებისთვის სახელმწიფო დამოუკიდებელ ექსპერტებს დაიქირავებს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ნაბიჯი წერტილს დაუსვამს საუბარს იმაზე, თუ რამდენად საფუძვლიანად მოხდა პროექტის შესწავლა. რაც შეეხება დანარჩენ ინფრასტრუქტურას, გზის სამუშაოებს და სხვა კომპონენტებს, კომპანია ამ მშენებლობას გააგრძელებს. ამასთან, შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების ფონდი, რომელშიც კონტრიბუციას როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო შეიტანს და მთლიანობაში ვფიქრობთ, რომ 5 მილიონის მოცულობის ფონდი იქნება, რომელიც მშენებლობის განმავლობაში დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირბოროტო პროექტს. მესამე შეთანხმების თანახმად, დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს, ესაა სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და ამით მეტ გარანტიას უზრუნველვყოფთ, რომ დასაქმებულების უფლებები სათანადოდ იყოს დაცული და ეს ასევე სწორ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. ასევე, შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, რომელიც პროექტს ზედამხედველობას გაუწევს, რომ პროექტის უსაფრთხოებაზე ეჭვები გამოირიცხოს“,- აღნიშნა თურნავამ შეხვედრაზე, რომელიც ქუთაისის მერიის შენობაში მიმდინარეობს და მასში მინისტრებთან ერთად, „რიონის ხეობის მცველები“, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები მონაწილეობენ.

შეგახსენებთ, ნათია თურნავამ და ლევან დავითაშვილმა პრემიერ-მინისტრის დავალებით, 5 მარტს ცაგერში ადგილობრივ მოსახლეობასთან „ნამახვანჰესის“ პროექტთან დაკავშირებით შეხვედრები გამართეს.