ნათია თურნავა - „ნამახვანი ჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, ვიდრე კვლევების გადამოწმება არ მოხდება

„ნამახვანი ჰესის“ კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობა იქამდე არ დაიწყება, სანამ კვლევების გადამოწმება არ მოხდება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით შეხვედრაზე განაცხადა, რომელიც ქუთაისის მერიის შენობაში მიმდინარეობს და მინისტრებთან ერთად მასში „რიონის ხეობის მცველები“, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები მონაწილეობენ.

ნათია თურნავს თქმით, ჰესის ინვესტორთან ასევე მიღწეულია შეთანხმება, რომ რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონ ლარიანი ფონდი შეიქმნება, ასევე დაინიშნება ქართველი დირექტორი და პროექტის ზედამხედველობისთვის შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო.

„კომპანიას მოვთხოვეთ და რამდენიმე საკითხზე მივაღწიეთ შეთანხმებას. პროექტის უსაფრთხოებასთან, ეკოლოგიურ და გეოლოგიურ კვლევებთან დაკავშირებით, ჩვენ შევთანხმდით კომპანიასთან, რომ ჰესის მშენებლობას მხოლოდ დამხმარე ინფრასტრუქტურის ნაწილში გააგრძელებს და არ დაიწყებს ჰესის ძირითადი ნაგებობების, კერძოდ, კაშხლის და წყალსაცავის მშენებლობას, სანამ არ გავაკეთებთ რამდენიმე პრინციპული კვლევის ხელახალ გადამოწმებას. ამ კვლევებისთვის სახელმწიფო დამოუკიდებელ ექსპერტებს დაიქირავებს და სრულიად ღიად მოხდება რამდენიმე ძირითადი კვლევის გადამოწმება. ამ ვალიდაციის შემდეგ, კომპანია იმსჯელებს, არის თუ არა პროექტში რაიმე კორექტირება შესატანი. რაც შეეხება დანარჩენ ინფრასტრუქტურას, გზის სამუშაოებს და სხვა კომპონენტებს, კომპანია ამ მშენებლობას გააგრძელებს. ამასთან, შეიქმნება რიონის ხეობის განვითარების 5 მილიონ ლარიანი ფონდი, რომელშიც კონტრიბუციას როგორც ინვესტორი, ასევე სახელმწიფო შეიტანს და დააფინანსებს ხეობის მოსახლეობისთვის ყველა საჭირ-ბოროტო პროექტს. მესამე შეთანხმების თანახმად, დაინიშნება ქართველი დირექტორი, რომელიც გაუძღვება ადგილზე სამშენებლო სამუშაოებს, ესაა სახელმწიფოს მეტი ჩართულობა და ამით მეტ გარანტიას უზრუნველვყოფთ, რომ ქართველი დასაქმებულების უფლებები სათანადოდ იყოს დაცული და ეს ასევე სწორ კომუნიკაციას უზრუნველყოფს. ასევე, შეიქმნება დამოუკიდებელი საბჭო, რომელიც შედგება მაღალი რეპუტაციის მქონე ქართველი ექსპერტებისგან, რომელიც პროექტს ზედამხედველობას გაუწევს, რომ პროექტის უსაფრთხოებაზე ეჭვები გამოირიცხოს“,- აღნიშნა თურნავამ.