მაშინ, როცა ტურისტები სახლებში რჩებიან, ბიზნესმენები კერძო თვითმფრინავებში სხდებიან, რის გამოც ბიზნეს-ჯეტები უკვე დეფიციტშია, - იუწყება გერმანული ყოველკვირეული გამოცემა Die Zeit.
მართალია, შეზღუდვებისა და ლოკდაუნის გამო „ცაში თითქოს აღარაფერი ხდება“, კერძო ავიაცია პანდემიურ წელს კარგად გაუმკლავდა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს 1980-იანი წლების მსგავსი მცირე რაოდენობის ფრენა განხორციელდა, გერმანიის ცაზე ბიზნეს-გადაფრენები მხოლოდ 23%-ით შემცირდა. მთლიანობაში ავიაგადაზიდვებში ეს მაჩვენებელი ორჯერ უფრო მეტი იყო. ამ მონაცემებს საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ევროპული ორგანიზაცია Eurocontrol აქვეყნებს.
კორონავირუსის პერიოდში ბიზნეს-ჯეტები გადაადგილებისთვის, პრაქტიკულად, იდეალურ საშუალებად გადაიქცა: ჯეტებით ნებისმიერ ისეთ მცირე და შორეულ აეროდრომზეც კი შეგიძლიათ დაფრინდეთ, სადაც ავიაკომპანიები უკვე აღარ დაფრინავენ, ფრენის დროს კი ბორტზე მყოფ ადამიანთა მცირე რაოდენობის გამო კორონავირუსისგან უსაფრთხოდ და იზოლირებულად გრძნობდეთ თავს. მართალია, მსგავს კომფორტს თავისი ფასი აქვს, მაგრამ კლიენტიც საკმარისზე მეტია.
პანდემიამდე აშშ-ში იმ მგზავრების 90%, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონდათ, კერძო თვითმფრინავებით ეფრინათ, მოსახერხებელი მარშრუტის გამო ავიაკომპანიების რეგულარული რეისებით სარგებლობდნენ. კორონავირუსის პანდემიის შემდეგ კი პირველი და ბიზნეს-კლასის მგზავრები კერძო თვითმფრინავებში გადასხდნენ.
Vistajet მსოფლიოში საქმიანი ავიაციის ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა, რომელსაც 2020 წელს შემოსავლები სწრაფად გაეზარდა. კომპანიას სამჯერ მეტი ახალი კლიენტი გაუჩნდა, რომელთა წინასწარი შენატანი კერძო თვითმფრინავის დასაჯავშნად საშუალოდ 100 ათას დოლარს შეადგენდა. მარშრუტების ფასს რაც შეეხება, მაგალითად, ლონდონიდან ჟენევაში ჩაფრენა მინიმუმ 9900 დოლარი ღირდა.
პატარა კერძო თითმფრინავები მსოფლიო ბაზარზე უკვე დეფიციტს წარმოადგენს, რასაც ხელი შეუწყო გასულ წელს მათი გამოშვების დაბალმა მაჩვენებელმაც. 2020 წელს მსოფლიოში გასაყიდად მხოლოდ 2399 ახალი კერძო თვითმფრინავი გამოუშვეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ