იტალიაში აღდგომის დღესასწაულზე, შაბათ-კვირის საყოველთაო „ლოქდაუნის“ დაწესება იგეგმება, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 3 აპრილიდან 5 აპრილამდე ყველა არააუცილებელი მაღაზია დაიხურება, იტალიელებს კი სახლებიდან გასვლის უფლება მხოლოდ სამსახურში წასვლის ან სხვა გადაუდებელი მიზეზის შემთხვევაში ექნებათ.
თუმცა, იტალიის ზოგიერთ რაიონში, მათ შორის ლომბარდიაში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებისა და ჰოსპიტალიზაციის შემთხვევებმა ბოლო დღეების განმავლობაში მოიმატა, შესაძლოა, ორშაბათიდან სრული „ლოქდაუნი“ დაწესდეს.
„იმედი მაქვს, რომ ეს იქნება უკანასკნელი მსხვერპლი, რომლის გაღებასაც ჩვენს მოქალაქეებს მოვთხოვთ“, - განაცხადა ლომბარდიის რეგიონის პრეზიდენტმა ატილიო ფონტანამ.
აღსანიშნავია, რომ იტალიაში, მიმდინარე კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების შემთხვევებმა წინა კვირასთან შედარებით 10%-ით მოიმატა.
იტალიაში პირველი საყოველთაო „ლოქდაუნი“ 1 წლის წინ გამოცხადდა და ძალაში 10 კვირის განმავლობაში იყო. მთავრობამ „ლოქდაუნი“ მეორედ შობის დღესასწაულზე დააწესა.