შესყიდვების სააგენტოს „თეთრ სიაში“ კომპანიების რაოდენობა გაიზარდა

2020 წელს შესყიდვების სააგენტოს „თეთრ სიაში“ კომპანიების რაოდენობა გაიზარდა. სააგენტოდან „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, გასულ წელს ე.წ. თეთრ სიაში სულ 138 კომპანია მოხვდა, 2019-ში კი 126.

უფრო კონკრეტულად, 2020 წელს „თეთრ სიაში“ რეგისტრაციისა და ასევე ვადის გაგრძელების მოთხოვნით 181-მა კომპანიამ მიმართა, საიდანაც შესყიდვების სააგენტომ 50 მეწარმეს ვადა გაუგრძელა, 88 ოპერატორი კი ახლად დაარეგისტრირა.

ამასთან, 2020 წელს სააგენტომ „თეთრ სიაში“ ვადის გაგრძელებაზე უარი 15 კომპანიას უთხრა, 28 მიმართვა კი განხილვის გარეშე დატოვა.

ცნობისათვის, „თეთრი სია“ არის შესყიდვებში მონაწილე კვალიფიციურ მიმწოდებელთა რეესტრი, რომელსაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო ელექტრონულად აწარმოებს და განათავსებს თავის ოფიციალურ ვებგვერდზე. „თეთრ სიაში“ აისახება სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე იმ კვალიფიციურ მიმწოდებელთა მონაცემები, რომლებიც აკმაყოფილებენ „თეთრ სიაში“ რეგისტრაციისათვის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ კრიტერიუმებს.

„თეთრ სიაში“ დასარეგისტრირებლად უნდა აკმაყოფილებდეს

შემდეგ აუცილებელ მოთხოვნებს: არ უნდა იყოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში „შავ სიაში“ რეგისტრირებული; არ უნდა ჰქონდეს მიღებული უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში „შავ სიაში“ დარეგისტრირებასთან დაკავშირებით გაფრთხილება; იგი „თეთრ სიაში“ რეგისტრაციის მოთხოვნის დღისათვის არ უნდა რეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში და ა.შ.

რაც შეეხება „შავ სიას“, 2020 წელს შესყიდვების სააგენტოს „შავ სიაში“ მოხვედრილი კომპანიების რაოდენობა შემცირდა. კერძოდ, შარშან სააგენტომ „შავ სიაში“ 434 კომპანია შეიყვანა, ეს კი 158 ერთეულით ნაკლებია 2019 წელთან შედარებით. 2019 წელს „შავ სიაში“ 592 კომპანია მოხვდა.

თამარ მუკბანიანი