„ისეთი ეკონომიკური გარემოს დედაც ვატირე, რომელიც ერთ პანამელ ინვესტორზეა ჩამოკიდებული“

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 52,9%-ით შემცირდა და 616.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ აშშ დოლარით შეამცირა. ძირითადად კი, საუბარია, ბიძინა ივანიშვილის მიერ აქტივების ფონდ „ქართუსთვის“ გადაცემაზე.

„გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის ზურაბ გირჩი ჯაფარიძის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ ქონების ნაწილის „ქართუზე“ გადააფორმებამ, ალბათ, მართლაც გამოიწვია ეს ცვლილება. როგორც ჯაფარიძემ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა, ასეთი ტექნიკური მიზეზების მოყვანა მცდელობაა - დაარწმუნონ, პირველ რიგში საკუთარი მხარდამჭერები, რომ არაფერი კატასტროფული არ ხდება ქვეყანაში.

„ტექნიკური მიზეზების მოყვანა თუ რატომ შემცირდა პირდაპირი უცხოური ინვესტიციები, არის უფრო მცდელობა - დაარწმუნონ, პირველ რიგში საკუთარი მხარდამჭერები, რომ არაფერი კატასტროფული არ ხდება ქვეყანაში. მაგრამ სურათი ნათელია და მათი ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომ სინამდვილეში კატასტროფა ხდება. ქვეყანაში ფული აღარ შემოდის, ეს კი ნიშნავს რომ შეუძლებელია ჩვენი ეკონომიკა გაიზარდოს და რამე პროგრესი გვქონდეს რაიმე მიმართულებით. ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა, არ გვაქვს საკუთარი ფული რომ ეს ფული ჩავდოთ ეკონომიკაში ანუ ვერ ვახერხებთ დანაზოგის გაკეთებას ისე, რომ შემდეგ ეს დანაზოგი კონვერტირდეს ინვესტიციებში და ამან მოგვცეს საშუალება ეკონომიკა გაიზარდოს.

ერთადერთი წყარო ჩვენი ეკონომიკის განვითარების, არის გარედან შემოსული ფული. იმან, რომ ბიძინა ივანიშვილმა „ქართუზე“ გადააფორმა თავისი ქონების ნაწილი, ალბათ, მართლაც გამოიწვია ტექნიკურად ეს ცვლილება, მაგრამ ისეთი ეკონომიკური გარემოს დედაც ვატირე, რომელიც ერთ პანამელ ინვესტორზეა ჩამოკიდებული. ეს ხომ თავისთავად აჩვენებს თუ რა კატასტროფულ მდგომარეობაში ვართ. იმაზე ვართ დამოკიდებული, ივანიშვილი პანამიდან საკუთარი კაპიტალის რა ნაწილს ჩაატრიალებს ქვეყნის ეკონომიკაში. ამაზე რომ ხარ ჩამოკიდებული, ეს უკვე სერიოზული პრობლემაა,“-განაცხადა ზურა გირჩი ჯაფარიძემ.

თაია არდოტელი