შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო, გამოვლენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევების 2020 წლის სტატისტიკა გამოაქვეყნა.
უწყების ოფიციალური მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში სულ 2 540 832 სამართალდარღვევა გამოვლინდა. ამათგან, უმეტესობა - 1 321 332 ფაქტი თბილისში დარეგისტრირდა.
კერძოდ, გასულ თვეებში გამოვლენილი ტოპ-4 დარღვევის სტატისტიკა ასეთია:
- სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, მაგრამ არაუმეტეს 40 კმ/სთ - 866 003 შემთხვევა;
- სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას - 514 748 ფაქტი;
- ამკრძალავი ნიშნების „გაჩერება აკრძალულია“ და „დგომა აკრძალულია“ მოთხოვნების დაუცველობა, აგრეთვე დგომა-გაჩერების წესებით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნის დაუცველობა - 453 749 დარღვევა;
- იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემა/საექსპლუატაციოდ გადაცემა/საექსპლუატაციოდ დაშვება, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (ფიზიკური პირი) - 142 646 სამართალდარღვევა.