ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ის ქვეყანაში კომერციული ვაქცინის შემოტანის წინააღმდეგი არ არის.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განმარტა, საკუთარ მოსახლეობას კომერციული ვაქცინა ბევრმა ქვეყანამ შესთავაზა, თუმცა მინისტრმა არ დააკონკრეტა ექნებათ თუ არა საქართველოს მოქალაქეებს მსგავსი არჩევანის გაკეთების საშუალება, რომ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ნაცვლად, ვაქცინა თავად შეიძინოს.
„არ მინდა, შევიჭრა ჩემი კოლეგების კომპეტენციაში, ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაში, რომელიც საკმაოდ კარგად უძღვება ამ საქმეებს და არ მინდა, შეცდომაში შევიყვანო მოსახლეობა. ერთადერთი დადასტურებული ფაქტი, რომელიც ჩვენ აქამდეც გვქონდა გაცხადებული არის ის, რომ შემოდის პირველი დოზები და დაიწყება სამედიცინო პერსონალის ვაქცინაცია იმ გეგმის მიხედვით, რა გეგმაც ჩვენ გვაქვს. თუ ჩემს აზრს იკითხავთ კომერციულ ნაწილზე, ესეც დასაშვებია და ბევრი ქვეყანა წავიდა ამ გზით, შემოიტანა კომერციულმა სექტორმა და სადაზღვევომაც შემოიტანა. მთავარი არის, რომ ჩვენ გეგმაზომიერად განვახორციელებთ ვაქცინაციას. ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, პრაქტიკულად, არის ჩვენი ეკონომიკის ძალიან სწრაფი აღდგენის ერთადერთი წინაპირობა და მე მინდა გითხრათ, რომ ყველაფერი გაკეთდა და არა მარტო ჯანდაცვის სამინისტრო იყო ამაში ჩართული, არამედ საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო ჩართული, ბევრი სხვა უწყებაც, პირადად პრემიერ-მინისტრი იმისთვის, რომ ეს დრო მოახლოვებულიყო და ჩვენ ახლა მასიურ ვაქცინაციას დავიწყებთ“,- განაცხადა თურნავამ.
ცნობისთვის, "რადიო თავისუფლების" ინფორმაციით, კერძო სადაზღვევო კომპანია GPI ჰოლდინგი, საქართველოში, მარტის ბოლოდან COVID-ვაქცინაციის დაწყებას გეგმავს.