ტიკარაძე - შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან ვაქცინაციის პროცესი დაიწყება

საქართველოში შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტიის შემოსვლაზე ისაუბრა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, ყველა დაწესებულებაში ჩატარებულია შესაბამისი ტრენინგი და შემოწმებულია შესაბამისი აღჭურვილობა.

„დღეს გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი და მოვლენა, საქართველოში შემოვიდა „კოვაქს“ პლატფორმის მხრიდან „ასტრაზენეკას“ ვაქცინა. ამჟამად ჩვენ ხელმისაწვდომი გვაქვს 43 200 ვაქცინა, რომელიც საქართველოს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო გეგმის მიხედვით განკუთვნილია სამედიცინო პერსონალისთვის.

დღესდღეობით დარეგისტრირებულია 64 051 ადამიანი, რომელთაგანაც 54 ათასი ადამიანი ექვემდებარება ვაქცინაციას. გამომდინარე იქიდან, რომ ექიმები წარმოადგენენ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის ზრუნვაში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტულ სეგმენტს, რა თქმა უნდა, ამ ვაქცინების ნაწილი განკუთვნილია სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციისთვის.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, საქართველოში შერჩეულია 82 დაწესებულება, სადაც 15 მარტიდან დაიწყება ვაქცინაციის პროცესი.

ყველა დაწესებულებაში ჩატარებულია შესაბამისი ტრენინგი, შემოწმებულია ის შესაბამისი აღჭურვილობები, რომელიც უზრუნველყოფს ვაქცინაციის უსაფრთხო ტრანსპორტირებას და განთავსებას. ეს პროცესი დაავადებათა კონტროლის მონიტორინგის ქვეშ არის“,-აცხადებს ტიკარაძე.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალი ჩაერთოს ამ პროცესში. "ვინაიდან ვაქცინაციის პროცესი, როგორც ხშირად ამბობენ, დასასრულის დასაწყისია, ეს აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია”,-აცხადებს ტიკარაძე.