„ჩემი აზრით, პროცესების წინ წასაწევად აუცილებელია კონსტრუქციული დიალოგი, დებატები და კითხვა-პასუხის რეჟიმი. ცალმხრივი ბრალდება-თავის მართლების გზით წინ ვერ წავალთ ვერც ერთ პროექტზე, - ასე გამოეხმაურა Galt & Taggart-ის უფროსი ანალიტიკოსი მარიამ ჩახვაშვილი ნამახვან ჰესის გარშემო შექმნილ ვითარებას.
მისივე თქმით, არ უნდა დარჩეს არც-ერთი პასუხგაუცემელი კითხვა და ბრალდება.
„თუმცა მეორეს მხრივ, ბრალმდებელმაც უნდა მოისმინოს პასუხი, გაიაზროს, დასაზუსტებელი დააზუსტოს და იყოს ობიექტური. მხოლოდ პროტესტი და მეორე მხარის პოზიციის არმოსმენა, მითუმეტეს, როდესაც სპეციალურად და დამატებით კეთდება განმარტებები, ეჭვს აჩენს მაპროტესტებელი მხარის კეთილგონიერებასა და მიზნებთან დაკავშირებით. თუ მიზანი არაა ყველანაირ ფასად პროექტის დაბლოკვა და მართლა მის კონკრეტულ ასპექტებზე შესტკივათ გული, ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ მიიღონ შესაბამისი პასუხები.
ჩემი აზრით, ყველაზე საინტერესოა, კითხვებზე პასუხი მოვისმინოთ კონკრეტული ექსპერტებისგან, რომლებიც მუშაობდნენ ამ პროექტზე და მოამზადეს დოკუმენტაცია საბოლოო სახით. სწორედ მათ შეეძლებათ დეტალებში ჩასვლა და სრული, ყოვლისმომცველი და ამომწურავი ინფორმაციის მოწოდება კონკრეტული პროექტის შესახებ. ასეთი პირები უნდა დავაყენოთ წინა პლანზე, ისინი ვალაპარაკოთ და დავუსვათ კითხვები. ჩემი აზრით, ამ პროცესში უდიდესია მედიის როლი და ის აუცილებლად უნდა იყოს მიუკერძოებელი, შუამავალი მხარეებს შორის და ემსახურებოდეს ნებისმიერი საკითხის ყველა მხარის გაშუქებას,“ - განაცხადა მარიამ ჩახვაშვილმა.