პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცრები, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ჩამოსული ვაქცინები დღეს და ხვალ რეგიონებში გადანაწილდება.
„იმედია, ჩემი კოლეგები კარგად ათვიცნობიერებენ, რა რისკი აქვთ. მე პირადად, რაც პანდემია დაიწყო, ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს და დღეში ალბათ, ორ პაციენტს ვნახულობ, დღემდე თავი ისე მოვიტანე, რომ ინფიცირებული არ ვარ, აქედან გამომდინარე, პირველივე შესაძლებლობისთანავე ავიცრები, დავრეგისტრირდები და ავიცრები. ახლა მანქანები იტვირთება, რეგიონებში მიდის და დღეს, ხვალ, საქართველოს ყველა რეგიონალურ ცენტრში ვაქცინა ჩატანილი იქნება“, - განაცხადა იმნაძემ.
მისივე თქმით, ერთადერთი გამონაკლისი არის დიდი ბრიტანეთი, საიდანაც ჩამოსული მგზავრები, ან ბოლო 2 კვირის განმავლობაში იქ ნამყოფი პირები საქართველოში კარანტინს დაექვემდებარებიან. ამას გარდა, იმნაძის თქმით, ლუგარის ცენტრი გამოყოფილ შტამებს შესწავლის და კვლევები ყოველდღიურ რეჟიმში გრძელდება. იმნაძე ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოში ელექტრონულ სისტემაში მოხდება ვაქცინის შემდგომი მოვლენების აღრიცხვა.
„სტატისტიკურად თრომბოემბეოლიების რაოდენობა იმ პოპულაციაში არაფრით განსხვავდება არავაქცინირებულ პოპულაციაში თრომბოემბოლიების სიხშირისაგან, ამაზე დასკვნა გამოაქვეყნა როგორც ევროპის წამლის სააგნეტომ, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ. ვაქცინაცია არ შეუჩერებია ძალიან ბევრ ევროპულ ქვეყანას, რომელიც „ასტრაზენეკას“ იყენებს, ასეთი რაღაცები მოხდება - ვიღაც რაღაცას დაუკავშირებს. გახსოვთ ალბათ, რა ამბავი იყო ატეხილი, როცა „ფაიზერის“ ვაქცინის შემდეგ 20-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა ნორვეგიაში, ასეთი რაღაცები იქნება, რა თქმა უნდა, სიფრთხილის გამო, ვიღაცამ შეიძლება შეაჩეროს, მაგრამ ფაქტი ერთია, უკვე გამოყენებულია ათეულ-მილიონობით დოზა, რომელზეც არაფერია აღწერილი, რაც გამოარჩევდა ამის რისკებს. ერთი რამ კარგად დავიმახსოვროთ, ეს ვაქცინები ყველა დაავადებას არ კურნავს და არ იცავს ყველა დაავადებისგან, ეს კორონასგან იცავს, სხვა დაავადებებისგან ხომ არ იცავს? კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს დასკვნა ყველაზე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ - ევროპის წამლის სააგენტომ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ვაქცინა კორონას საწინააღმდეგო სხვა დაავადებებისგან არ იცავს, ამიტომ რაღაც დაავადება თუ ჰქონდა ადამიანს, ვაქცინის შემდეგ, თუ რაღაც უიშვიათესად მოხდა, ეს "ვაქცინის გამო მოხდას" არ ნიშნავს“, - განაცხადა იმნაძემ.