ბრიტანულმა კომპანია Knight Frank-მა მსოფლიო ქალაქების რეიტინგი გამოაქვეყნა. რეიტინგი 30 მილიონ დოლარზე მეტი კაპიტალის მქონე პირებისთვის ჩატარდა და გამოავლინა, თუ რომელი ქალაქია მათთვის საუკეთესო ინვესტიციის ჩასადებად, ბიზნესის საწარმოებლად და დროის გასატარებლად.
კვლევის ფარგლებში გლობალური მიმზიდველობის კრიტერიუმების მიხედვით 100 ქალაქი შეისწავლეს. პირველ ხუთეულში ნიუ-იორკი, ლონდონი, პარიზი, ჰონგ-კონგი და ლოს-ანჯელესი შევიდა.
ტოპ 20-ეულში ჩრდილოეთ ამერიკის 8 ქალაქი შევიდა. მას მოყვება აზია და ევროპა ხუთ-ხუთი ქალაქით, შემდეგია მოსკოვი და სიდნეი.
სიმდიდრის საერთო მაჩვენებლით, რომელიც მკვლევარებმა მილიონერი და მულტიმილიონერი მცხოვრებლების რაოდენობის მიხედვით განსაზღვრეს, პირველ ადგილზე ნიუ-იორკი დასახელდა, მეორე ადგილზეა პარიზი, ხოლო შემდეგ - ლოს-ანჯელესი. თუმცა აქ ერთი განსხვავება გამოიკვეთა: თუკი ნიუ-იორკში ყველაზე მეტი მულტიმილიონერი ცხოვრობს, მილიონერების რაოდენობით მას ტოკიომ გადაუსწრო, ლოს-ანჯელესი კი ამ შემთხვევაშიც მესამე ადგილზეა.
საინვესტიციო საერთო მაჩვენებლით პირველ ადგილზე კვლავ ნიუ-იორკი დასახელდა, მეორეზე - ლონდონი, მესამეზე კი - პარიზი. ეს მაჩვენებელი განისაზღვრა ქალაქების უძრავ ქონებაში განხორციელებული კერძო ინვესტიციების დონით და მრავალფეროვნებით. თუმცა მხოლოდ მოცულობითი კრიტერიუმით, ანუ 42 მილიარდი დოლარის ინვესტიციით პეკინი ლიდერობს, ლონდონი კი პირველ ადგილზე მრავალფეროვანი ანუ სხვადასხვა ეროვნების ინვესტორთა რაოდენობით გავიდა. საინვესტიციო რეიტინგში ტოკიომაც მოიპოვა პირველი ადგილი, ოღონდ, იმ ქალაქის სახით, სადაც წამყვანი გლობალური ფირმების ყველაზე მეტი სათაო ოფისი მდებარეობს. ასეთი ფირმების რაოდენობა 2 ათასია.
საცხოვრებელი მაჩვენებლით ის ქალაქები განისაზღვრა, სადაც საუკეთესო ლუქს-სასტუმროები, რესტორნები, უნივერსიტეტები და განვითარებული საჰაერო ტრანსპორტის ქსელია. ასეთი ქალაქების პირველ სამეულს ლონდონი, პარიზი და ნიუ-იორკი წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ ამ ყოველწლიურ რეიტინგში პირველობისთვის ერთმანეთს ტრადიციულად ნიუ-იორკი და ლონდონი ეჯიბრებიან. ეს გასაკვირი არცაა, რადგან გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების კვლევის ქსელის (GaWC) მიერ ნიუ-იორკსა და ლონდონს “Alpha++” სტატუსი აქვთ მინიჭებული.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ