სარფიანი ბიზნესი თუ უნიკალური კუნძულის გადარჩენა - რა არჩევანის წინაშეა ეკვადორის ხელისუფლება

გალაპაგოსის კუნძულები 14 საშუალო ზომის კუნძულისგან შედგება და წყნარ ოკეანეში, სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან 965 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

კუნძულები, რომლებიც ეკვადორს ეკუთვნის ტურისტებისათვის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ და ეგზოტიკურ მიმართულებას წარმოადგენს, სადაც მოხვედრა არც ისე იოლია და ხშირად მსურველებს კუნძულებზე გასამგზავრებლად რიგში ყოფნა რამდენიმე თვეც კი უწევთ.

გალაპაგოსის კუნძულებზე მყოფ ცხოველთა და მცენარეთა დიდი ნაწილი ენდემურია და სხვაგან არსად გვხდება, რის გამოც კუნძულები დაცვის განსაკუთრებულ ობიექტს წარმოადგენს. მათ შორის არიან გალაპაგოსის ზღვის ლომები და გალაპაგოსის კუები, რომლებიც გადაშენების პირას იმყოფებიან.

გამოცემა The Guardians-ის ინფორმაციით, ბოლო წლების განმავლობაში კუნძულებთან ახლოს ნაოსნობა და თევზჭერა განსაკუთრებით გაიზარდა, რამაც მცენარეთა და ცხოველთა ადგილობრივ სახეობებს გადაშენების საფრთხე შეუქმნა.

მათი თქმით, ამ დროისთვის კუნძულებთან 250 თევზმჭერი გემი იმყოფება, რომელთაგან 243-ზე ჩინეთის დროშაა აღმართული. საზღვაო ხომალდები ძირითადად ადგილობრივ ტუნას იჭერენ, რომელიც განსაკუთრებული გემოთი გამორჩევა და საკმაოდ პოპულარულია მთელს მსოფლიოში.

ბოლო დროს, თევზაობამ ზღვის ბინადართა პოპულაციის შემცირება გამოიწვია, რაც თავის მხრივ კუნძულზე არსებულ ცხოველებს საკვებს სულ უფრო უმცირებს.

ეკვადორის პრეზიდენტი ლენინ მორენო აცხადებს, რომ თევზჭერის ამ ტემპით გაგრძელება დაუშვებელია და ქვეყანაში აპირებენ კანონის მიღებას, რომელიც კუნძულების დაცული ტერიტორიების საზღვრებს დღევანდელთან შედარებით 3-ჯერ გაზრდის, შესაბამისად კი, უცხო ქვეყნის გემები კუნძულებთან ახლოს თევზჭერას ვეღარ შეძლებენ.

The Guardians წერს, რომ პრეზიდენტს ყველა არ ეთანხმება. ეკვადორის ტერიტორიულ წყლებში თევზაობით ქვეყანა საკმაოდ დიდ შემოსავალს შოულობს, რაც წელიწადში დაახლოებით 1.6 მილიარდ აშშ დოლარს უდრის. ამასთან, თევზჭერის ინდუსტრიაში 200 000-ზე მეტი ადგილობრივია დასაქმებული.

გალაპაგოსის კუნძულებთან დაკავშირებით ეკვადორში სახალხო განხილვა მალე დაიწყება და ქვეყნის ხელისუფლებას მოუწევს არჩევანი სარფიან ბიზნესსა და უნიკალური კუნძულის გადარჩენას შორის გააკეთოს.

ბექა ბერიაშვილი