,ჩვენ გვაქვს გარკვეული კომუნიკაცია მთავრობასთან, მაგრამ არავინ არ იცის და ვერავინ გვცემს პასუხს როდის, ეკონომიკის გახსნის რომელ ეტაპზე გაგვხსნიან“- ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის ხელმძვანელმა განაცხადა.
გიორგი მთიულიშვილის თქმით, მათი მოთხოვნაა შეხვდნენ შრომის ინსპექციის ხელმძღვანელს და მიიღონ პროტოკოლი, რომლითაც შეძლებენ ფუნქციონირების აღდგენას.
,,ჩვენი პირველი მოთხოვნაა, რომ შეგვხვდეს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე. ერთი წელია გვპირდება და გვატყუებს. მას ხელეწიფება ჩვენი პრობლემის საკოორდინაციო საბჭოზე გატანა და მარტივად მოგვარება. საბოლოოდ ცხადია, ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, მოგვეცეს მუშაობის საშუალება, რადგან ქვეყანაში მოიხსნა ყველა შეზღუდვა ეკონომიკაზე, გარდა კომენდანტის საათისა.
პანდემიამდე, 200 ბავშვთა გასართობი ცენტრი იყო და 7 000-დან 8 000-მდე დასაქმებული. აქედან, პანდემიის პირობებში დაახლოებით 30-35% ბაზრიდან გავიდა. დარჩენილი 130-მდე გასართობი ცენტრი კი ვითხოვთ ფუნქციონირების უფლებას. დღევანდელ აქციაზე, შემოგვიერთდებიან როგორც ბათუმის, ასევე რუსთავის ობიექტების წარმომადგენლები და მფლობელებიც. ჩამოდიან ისინიც.
ჩვენ გვაქვს გარკვეული კომუნიკაცია, მაგრამ არავინ არ იცის პასუხი და ვერავინ გვცემს პასუხს როდის, ეკონომიკის გახსნის რომელ ეტაპზე გაგვხსნიან. ამიტომაც ვითხოვთ შეხვედრას შრომის ინსპექტორთან, რომ მისი მოვალეობაა არა მხოლოდ საბჭოზე გატანა ჩვენი საკითხის, აქვს ბერკეტიც დაადგინოს რეგულაციები, რომლითაც მუშაობა შეგვიძლია.
ნებისმიერი რეგულაციით მუშაობაზე თანახმა ვართ. მთავარი კი ისაა, რომ სანამ პანდემია იქნებოდა, ჩვენ იქამდეც რეგულაციებით ვმუშაობდით. გვქონდა 2-საათიანი დაბადების დღეები, 1-საათიანი შუალედით და დეზობარიერით და სხვა ყველა დაცვის საშუალებით, რადგან ჩვენ ვმუშაობთ ბავშვებთან. ვინმემ თუ დღეს ისწავლა ხელის ხშირი დაბანა, ჩვენ ამას 20 წელია ვაკეთებთ ბავშვებთან“- განაცხადა ,,ბიზნესპრესნიუსთან“ ბავშვთა გასართობი ცენტრების ასოციაციის დამფუძნებელმა.