Forbes - 10 ბიზნესმენი, ვინც მსოფლიოს კორონავირუსის დაძლევაში ეხმარება

პანდემიის წლისთავთან დაკავშირებით Forbes-მა ის 10 ბიზნესმენი დაასახელა, რომლებმაც მსოფლიოს ამ ახალ რეალობაში ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალეს. ბიზნეს-ლიდერები იმ სტრატეგიული გადაწყვეტილებების, პროდუქტებისა და ციფრული პლატფორმების მიხედვით შეირჩენენ, რამაც ბაზარზე ისტორიული გავლენა იქონია და ადამიანების ჯანმრთელობა, საქმიანობა და ფსიქიკური მდგომარეობა გააუმჯობესა.

სიის სათავეშია კომპანია Pfizer-ის გენერალური დირექტორი ალბერტ ბურლა. მან პირველმა გაითვალისწინა ვაქცინის შემუშავებისთვის დროის ფაქტორი და უკვე მაისში აცხადებდა, რომ კომპანია ამ საქმეში 1 მლრდ დოლარს დახარჯავდა, მიუხედდავად იმისა, იქნებოდა თუ არა დარწმუნებული პოზიტიურ შედეგში. 7 თვის თავზე Pfizer-მა უფლება მიიღო ვაქცინის გამოყენებაზე ჯერ დიდ ბრიტანეთში, შემდეგ კი კანადასა და აშშ-ში. ალბერტ ბურლას Pfizer-ში მუშაობის 25-წლიანი შტაჟი აქვს.

მეორე ადგილზე კომპანია Modern-ის გენერალური დირექტორი, 47 წლის მილიარდერი სტეფან ბანსელი დასახელდა. ბურლას მსგავსად, ისიც ჩქარობდა ვაქცინის შემუშავებას და გასული წლის 11 იანვარს Modern-ს თავისი მომავალი ვაქცინის საფუძველი უკვე მაგიდაზე ედო. Modern-მა, რომლის ოფისიც მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს, ჯერ კიდევ მარტში განახორციელა ვაქცინის პირველი დოზის შეყვანა კლინიკური ცდების მოხალისეებისთვის.

Forbes-ის სიაში ე.წ. self-made მდიდრების ახალი სახე, Zoom-ის დამაარსებელი, 51 წლის ერიკ იუანიც შევიდა. მსოფლიო თვითიზოლაციის ხანგრძლივ პერიოდში Zoom კომუნიკაციის ყველაზე ეფექტიანი საშუალება გახდა. კომპანიამ პანდემიის საწყის ეტაპზევე, გასული წლის მარტში დღიური მომხმარებლის 200-მილიონიან ნიშნულს მიაღწია, რაც 2019 წლის შედეგს 20-ჯერ აღემატებოდა.

მეოთხე ადგილზე 34 წლის ვლად ტენევი და 36 წლის ბაიჯუ ბხატი, რომლებიც სერვის Robinhood-ის დამაარსებლები არიან. პანდემიის პირობებში ამ სავაჭრო პლატფორმამ ხელი შეუწყო ტრეიდერების მუშაობას საფონდო ბირჟაზე და ფინანსები ყველასთვის უფრო დემოკრატიული გახადა.

პანდემიამ მიწოდების სერვისის Instacart აპლიკაცია მეტად მომგებიან ბიზნესად გადააქცია. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, 34 წლის აპურვა მეტამ ბიზნესი ცხრა წლის წინათ დაიწყო. Forbes წერს, რომ კორონავირუსის გამო Instacart-მა 5-წლიანი მოგება ხუთ კვირაში ნახა და დღეს კომპანიის ღირებულება 39 მლრდ დოლარს შეადგენს.

სიას აგრძელებს კომპანია Netflix-ის მმართველი, 60 წლის მილიარდერი რიდ ჰასტინგსი. მაშინ, როცა პანდემიამ ისეთ ლეგენდარულ კომპანიებს მიაყენა სერიოზული ზიანი, როგორებიცაა Disney, Warner Bros. და კინოთეატრების ქსელი AMC, კომპანია Netflix-მა გასული წლის მხოლოდ 6 თვეში იმდენივე კლიენტი მიიზიდა, რამდენიც მთლიანად 2019 წელს. 2020 წლის ბოლოსთვის Netflix-ის აუდიტორია მსოფლიოში 204 მლნ ხელმომწერს აღემატებოდა, ხოლო მისი საბაზრო ღირებულება დღეს 233.6 მლრდ დოლარს შეადგენს.

პოპულარობის არნახული ზრდა ჰქონდა საშინაო ფიტნესის კომპანია Mirror-ს. კომპანია, რომლის ინსტრუქტორებიც საშინაო პირობებში, იოგადან დაწყებული კრივით დამთავრებული, ყველაფერს ასწავლიან, ბრინ პატნემის მიერ დაფუძნდა, როგორც სტარტაპი. 2020 წელს Mirror-ს მოგებამ 100 მლნ დოლარს გადააჭარბა, ხოლო ივნისში Mirror კომპანია Lululemon-მა 500 მლნ დოლარად შეიძინა.

სახლიდან მუშაობის დაწესებამ კიბერუსაფრთხოებაზე მომუშავე კომპანია Okta-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, 49 წლის ტოდ მაკკინონი მილიარდერი გახადა. ამჟამად კომპანიის კლიენტები არიან ისეთი ცნობილი ფირმები, როგორებიცაა FedEx, MGM, LVMH, Equifax, Western Union, მათ შორის თავად Forbes. სხვადასხვა მომსახურებასთან ერთად, თავისი კლიენტებისთვის Okta დისტანციურად მომუშავე თანამშრომლებისა და ხელმომწერების პირადი მონაცემების დადასტურებით არის დაკავებული.

Forbes-ის სიის ფინალში არიან 64 წლის კეტი ვუდი და სიდ სიბრენდი. 2020 წელს ტექნოლოგიებისა და ინოვაციების კომპანია Ark Investment Management-ის დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა კეტი ვუდმა კრიტიკოსებს დაუმტკიცა, რომ საფონდო ბირჟაზე კომპანია Tesla-ზე არჩევანის გაკეთებით არ შემცდარა. პანდემიამ ტექნოლოგიების გავრცელება დააჩქარა და მისი აქტივებიც სამჯერ გაიზარდა, რამაც 29 მლრდ დოლარს მიაღწია.

რაც შეეხება სიდ სიბრენდის, ის კომპანია GitLab-ის გენერალური დირექტორი და თანადამფუძნებელია. დისტანციური მუშაობის გამო კომპანიების დიდი ნაწილი ე.წ. ვირტუალურ ოფისებად გადაიქცა. სიდ სიბრენდის კომპანია მათ აპლიკაციების შექმნის, მართვისა და უსართხოებისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფით ეხმარება. სიბრენდი დისტანციური საქმიანობის ხელოვანი ჯერ კიდევ პანდემიამდე იყო. მისი თქმით, თუ მსოფლიოს დისტანციური საქმიანობის ორგანიზებისთვის 10 წელი სჭირდებოდა, კორონავირუსმა ეს რამდენიმე თვეში მოახერხა. 2019 წელს GitLab-ის ღირებულება 2.8 მლრდ დოლარი იყო, რაც 2020 წელს 6 მლრდ დოლარამდე გაიზარდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ