ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროში შრომის პირობების ინსპექტირების სამსახურის უფროს ბექა ფერაძესა და ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელ ნინო კვეტენაძეს ხვდებიან.
გასართობი ცენტრების წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში ყველა ბიზნესობიექტი გაიხსნა და აქვთ პოზიტიური მოლოდინი, რომ რამდენიმე დღეში მათი ობიექტებიც გაიხსნება.
„ვფიქრობთ, ეს შეხვედრა არ იქნება „შეხვედრა - შეხვედრისთვის”, რადგან აღარ დარჩა ქვეყანაში სხვა ბიზნესსუბიექტები გასახსნელი. დავრჩით მხოლოდ ჩვენ, ამიტომ ვფიქრობთ შეხვედრა იქნება ნაყოფიერი და გამოვიტანთ დადებით პასუხს, რომ რამდენიმე დღეში მოხდება ჩვენი ობიექტების გახსნაც.
თუ გაიხსნა საბავშვო ბაღი, სკოლა, ცეკვის სტუდიები, რა დარჩა იმისათვის, რომ გაიხსნას ჩვენი ობიექტები? ამიტომ გვგონია, რომ გამოვიტანთ დადებით პასუხს, თუმცა ამის 100%-იანი გარანტია არ გვაქვს.
ჩვენ რამდენიმე თვის წინაც გვქონდა გეგმა, რომელიც შევუტანეთ და პირად საუბრებში მოეწონათ, თუმცა კონკრეტული პასუხები არ გაუციათ. ახლაც ამ გეგმით შევდივართ და ვფიქრობთ, რომ ეს გამართლებული გეგმაა”, - აღნიშნა გასართობი ცენტრების ასოციაციის დამფუძნებელმა გიორგი მთიულიშვილმა.
მისივე თქმით, თუ დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტულ პასუხებს ვერ მიიღებენ, აქციები პერმანენტული სახით, სხვადასხვა სამინისტროსთან გაიმართება.
,,აუცილებლად გაგრძელდება აქციები, სამინისტრო-სამინისტრო ვივლით და აუცილებლად კარს ავუჭედავთ, იმისათვის, რომ საბოლოო შედეგს მივაღწიოთ, მათმა უგუნურმა ქმედებებმა მართლა ძალიან ბევრი გვაზარალა”, - განაცხადა გიორგი მთიულიშვილმა.
შეგახსენებთ, ბავშვთა გასართობი ცენტრების წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია-პერფორმანსს მართავდნენ. ადგილზე შეკრებილებმა ბანერები, სახელწოდებით: „ჩვენ რა დაგიშავეთ?“, „რატომ დაგავიწყდით“, „მოგვეცით საშუალება ვიარსებოთ“ და ა.შ. მიიტანეს, ასევე სამინისტროს ტერიტორიაზე გასართობი ჩაცმულობა და სუპერგმირების ფორმები გამოფინეს.
ისინი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროს ბექა ფერაძესა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან შეხვედრას ითხოვდნენ.