შვეიცარული ფარმაცევტული კომპანია Roshe სადიაგნოსტიკო ტესტების მწარმოებელ ამერიკულ კომპანია GenMark Diagnostics 1.8 მლრდ დოლარად ყიდულობს. Bloomberg-ის ინფორმაციით, კომპანიებს შორის ხელშეკრულებას ხელი უკვე მოეწერა და მის დახურვას 2021 წლის მეორე კვარტალში მოელიან. Roshe-სთვის ეს ყველაზე მსხვილი შეთანხმება იქნება 2019 წლის შემდეგ, როცა მან გენური თერაპიის მეთოდების დეველოპერი კომპანია Spark Therapeutics Inc. შეიძინა.
„GenMark Diagnostics-ის შეძენით ჩვენი მოლეკულური დიაგნოსტიკის პორტფელი გაიზრდება, რის შედეგადაც მივიღებთ სასიცოცხლოდ აუცილებელ ინფორმაციას ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლასთან დაკავშირებით“, - აცხადებს Roshe-ს გენერალური დირექტორი თომას შინეკერი.
კომპანია GenMark, რომლის ბაზაც კალიფორნიაში მდებარეობს, მოლეკულური დიაგნოსტიკის ტესტებს აწარმოებს, რომელიც პაციენტის ერთ მოლეკულურ ნიმუშში დაავადების რამდენიმე გამომწვევს ავლენს. ტესტს შეუძლია დაადგინოს განსხვავება 20-ზე მეტ ვირუსსა და ბაქტერიას შორის, კორონავირუსის ჩათვლით.
Roshe შვეიცარული ბიოტექნოლოგიური ჯგუფია, რომელიც აწარმოებს პრეპარატებს ონკოლოგიის, ვირუსოლოგიის, რევმატოლოგიისა და ტრანსპლანტოლოგიის დარგში.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ