,,საწარმო კვირაში 2 დღე მუშაობს… წვეთოვანზე ვართ შეერთებული“ - ,,ლაზეთი“ პანდემიის გავლენაზე

პანდემიის პირობებში, კომპლექსურად შემცირდა ყველაფერი, როგორც წარმოება, ასევე რეალიზაცია, რომელიც 15-20%-ზე დაეცა - ამის შესახებ ,,ბიზნესპრესნიუსთან“ საფეიქრო კომპანია ,,ლაზეთის“ მფლობელმა ზურაბ ჩარგეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ახლა უმნიშვნელოვანესია სახელმწიფომ გადაადგილების შეზღუდვის დრო 23:00 საათამდე გაახანგრძლივოს, რათა რეალიზაციამ მოიმატოს.

,,საწარმო კვირაში მხოლოდ 2 დღე მუშაობს, წვეთოვანზე ვართ შეერთებული. ონლაინ რეჟიმზეც ვერ გადავედით რეალურად, რადგან იქ სხვა სეგმენტის და ტიპის საქონლის რეალიზაცია ხდება. ერთი პერიოდი ჰუდებზე იყო ბუმი, თუმცა არა ჩვენი სეგმენტისთვის, ძალიან დაბალ ფასებში შემოტანილი პროდუქცია იყიდებოდა. როცა არ შეუძლია კლიენტს მოიზომოს ტანსაცმელი, თავად შეარჩიოს დიზაინი ან შენ შესთავაზო, გამორიცხულია შედგეს ბიზნესი. ეს რომ შესაძლებელი ყოფილიყო და ონლაინ გაყიდვებს ჩაენაცვლებინა რეალური ვაჭრობა, სიგიჟე იქნებოდა, რომ ადმიანებს მაინც ამხელა მაღაზიები გვეყიდა ან გვექირავებინა.

რაც შეეხება თანამშრომლებს, ისინი არ გაგვიშვია, წასასვლელიც არსად არის რეალურად. სახელმწიფოს მხრიდან 200- ლარიან დახმარებას იღებდნენ. ასევე, ბანკმა გადაგვინაწილა სასესხო ვალდებულებები. ეს არის შეღავათები, რომლებიც მივიღეთ.

ახლა, უმნიშვნელოვანესია, როგორი იქნება შაბათ-კვირის ვაჭრობა, რისი საშუალებაც პირველად გვეძლევა გახსნის შემდეგ. აუცილებლად უნდა გადაიწიოს კომენდანტმა 2 საათით მაინც. მსყიდველუნარიან მოსახლეობას სწორედ ამ საათებში აქვს დრო შოპინგისთვის“ - ამბობს ,,ლაზეთის“ მფლობელი.

ცნობისთვის, კომპანია „ლაზეთი“ ბაზარზე 2016 წლიდან ოპერირებს. ბრენდს ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი მაღაზია აქვს. ,,თბილისი მოლში“.

თამარ მუკბანიანი