„ასოცირების საბჭოზე საშუალება მოგვეცემა, რომ ანაკლიის პროექტზე ვისაუბროთ - დასავლელი ინვესტორები შემოვლენ ამ პროექტში"

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ანაკლიის პროექტში დასავლელი ინვესტორები ჩაერთონ.

როგორც თურნავამ ჟურნალისტებს ბრიუსელში, ანაკლიის პორტზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა პროექტი საქართველოსთვის როგორც ეკონომიკურად, ასევე სტრატეგიულად და პოლიტიკურად მნიშვნელოვანია.

„ასოცირების საბჭოზე მოგვეცემა საშუალება, რომ ვისაუბროთ ანაკლიის პროექტზე. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით ჩვენ განვაახლეთ მუშაობა ანაკლიის პორტისთვის ინვესტორის ძებნაზე და ტენდერის მომზადებაზე. ჩვენს ევროპელ პარტნიორებს გავაცნობთ ამ ინფორმაციას. ჩვენი მსჯელობის ერთ-ერთი მიმართულება არის შავი ზღვის გავლით უფრო მეტი კავშირ-ურთიერთობები, უფრო მეტი სატრანპოსტრო სერვისები, მათ შორის, საპორტო ინფრასტრუქტურის გაძლიერება. ყველაფერს გავაკეთებთ და დასავლელი ინვესტორები შემოვლენ ამ პროექტში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი როგორც ეკონომიკურად, ასევე სტრატეგიულად და პოლიტიკურად ჩვენთვის“, - განაცხადა თურნავამ.