თბილისში 1-ლი აპრილიდან სატრანსპორტო სქემის ახალი ინტეგრირებული სისტემა ამოქმედდება, რომელიც ახალ, ლურჯ მიკროავტობუსებში მგზავრობის ტარიფის ცვლილებას ითვალისწინებს.
ცვლილების თანახმად, 300 ლურჯი მიკროავტობუსით მგზავრობა 80-ის ნაცვლად 50 თეთრი ეღირება და გულისხმობს, რომ ერთხელ აღებული ბილეთით მგზავრს საათნახევრის განმავლობაში შეეძლება მეტროთი, ავტობუსით და მიკროავტობუსით მგზავრობა.
როგორც თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ამბობს, მგზავრები მიკროავტობუსებშიც ისარგებლებენ ყველა იმ საშეღავათო პირობებით, რაც ახლა მეტროსა და ავტობუსებში მოქმედებს.
რაც შეეხება მიკროავტობუსების სრულად ჩანაცვლებას, როგორც ხმალაძე აღნიშნავს, 1000 მიკროავტობუსი თბილისში 2021 წლის ბოლომდე იქნება და არსებული ყვითელი მიკროავტობუსების პარკი სრულად ჩანაცვლდება.
„ამ წლის ბოლომდე ჩვენ ამ მიკროავტობუსებს მთლიანად ვანაცვლებთ და ივლიან ახალი ლურჯი მიკროავტობუსები. იმ ფულით, რასაც ჩვენ ავიღებთ 300-ის გამოსყიდვის შედეგად, კიდევ 300 მიკროავტობუსს შევიძენთ. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ დაპატარავდა მიკროავტობუსების ბაზარი, 1500 ერთეულიდან ჩამოვიდა 1000 ერთეულამდე.
მიკროავტობუსების ტარიფის ზრდა დღის წესრიგში არ დგას, არც განიხილება. იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვატარებთ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ორიენტირებულ სატრანსპორტო პოლიტიკას, მნიშვნელოვანი იყო, რომ მომხდარიყო მეტროსთან და ავტობუსთან მიკროავტობუსის სინქრონიზაცია და ინტეგრირება გადახდის სისტემაშიც. სწორედ აქედან გამომდინარე დადგინდა ინტეგრირებულ სისტემაში ჩართული მიაკროავტობუსების ფასი 50 თეთრის ოდენობით. ეს იყო ჩვენთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი“, - განაცხადა ხმალაძემ და დასძინა, რომ ახლა მიკროავტობუსების ქსელი სინქრონშია მოყვანილი ავტობუსებთან და მეტროსთან და რეალურად, მათთან დამაკავშირებელ საშუალებად იქცა.
„ასევე იცით, რომ მეტროსა და ავტობუსს შორის გვაქვს უფასო გადაჯდომის 90-წუთიანი რეჟიმი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთხელ თუ გადაიხდი მეტროში ან ავტობუსში, 90 წუთის განმავლობაში უფასოდ გადაჯდები, ახლა ამ სისტემაში ჩაერთო ასევე მიკროავტობუსიც. ეს კი ნიშნავს, რომ მიკროავტობუსიდან ავტობუსში ან მეტროში და პირიქით, 90 წუთის განმავლობაში გადაჯდომა უფასო იქნება. მეორეც, ავტობუსში და მეტროში მოქმედებდა შეღავათიანი ტარიფი სტუდენტებზე, მოსწავლეებზე, მასწავლებლებზე, სოციალურად დაუცველებზე, ვეტერანებზე და ეს რეჟიმი ასევე გადავა მიკროავტობუსებშიც“, - აღნიშნა „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ირაკლი ხმალაძემ.