რა მოთხოვნების დაკმაყოფილების შემთხვევაში მიიღებენ რესტორნები მერიისგან სუბსიდიას

თბილისის მერიის ინიციატივით, მცირე და საშუალო ზომის სარესტორნო ბიზნესისთვის ფინანსური მხარდაჭერის პროგრამა ამოქმედდა. განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 5 აპრილია.

მერიის ინფორმაციით, კრიზისის დასაძლევად სარესტორნო სექტორის წარმომადგენლებთან კონსულტაციები მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა და ერთობლივად შემუშავდა ის კრიტერიუმები, რომელსაც ობიექტები ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად უნდა აკმაყოფილებდეს.

სუბსიდირების აღნიშნული პროგრამით სარგებლობისთვის აუცილებელი მოთხოვნებია:

  • ობიექტი რეგისტრირებული უნდა იყოს 2020 წლის 28 ნოემბრამდე (არა ლიკვიდირებული სტატუსით);
  • ბრუნვა 2020 წლის დეკემბერსა და 2021 წლის იანვარში, ჯამში, არაუმეტეს 100 000 ლარს უნდა შეადგენდეს;
  • ობიექტს 20-80 სკამი უნდა გააჩნდეს. დასადასტურებლად საჭიროა 2020 წლის ოქტომბრის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ქვითარი, სადაც ობიექტზე სკამების რაოდენობა იქნება მითითებული;
  • იმ შემთხვევაში, თუ ობიექტი დასუფთავების გადასახადს სკამების რაოდენობის მიხედვით არ იხდის, მაშინ დახმარებას არაუმეტეს 20 დასაქმებული მიიღებს, 2020 წლის ოქტომბრის პერიოდის მიხედვით (წარდგენილი დეკლარაციის შესაბამისად).
  • თბილისის მერიის ინიციატივით, ფინანსური დახმარება ობიექტებისთვის 5 000 ლარით განისაზღვრა. ერთი იურიდიული პირის მიერ ერთზე მეტი რესტორნის ოპერირების შემთხვევაში, დაფინანსება 10 000 ლარს შეადგენს.

ფინანსური დახმარების მისაღებად, შემდეგი დოკუმენტების წარდგენაა აუცილებელი:

  • კვების ობიექტის სარეგისტრაციო ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. დოკუმენტი საჯარო რეესტრის მიერ 2021 წლის 28 თებერვლის შემდგომ უნდა იყოს განახლებული;
  • თბილსერვისის დასუფთავების მოსაკრებლის ქვითარი 2020 წლის ოქტომბრის მდგომარეობით;
  • იმ შემთხვევაში, თუ კვების ობიექტი დასუფთავების გადასახადს სკამების რაოდენობის მიხედვით არ იხდის, მაშინ შემოსავლების სამსახურში წარდგენილი, 2020 წლის ოქტომბრის საშემოსავლო გადასახადის დეკლარაცია უნდა წარმოადგინოს.
  • ინფორმაცია საკონტროლო-სალარო აპარატის ბრუნვის შესახებ, 2020 წლის დეკემბრისა და 2021 წლის იანვრის მონაცემებით (გთხოვთ, წარმოადგინეთ აღნიშნულ ლინკზე მოთხოვნილი და მიღებული დოკუმენტაცია);
  • კვების ობიექტის საბანკო ანგარიშის სრული რეკვიზიტები.
თაია არდოტელი