მუხრან მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილების შეზღუდვის გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემა იცვლება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, მოძრაობა შესაძლებელია ბერიტაშვილის, მაჭავარიანის, გოძიაშვილის, გაგარინის ქუჩების, მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და მარშალ გელოვანის გამზირის გამოყენებით.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტის შესახებ ინფორმაციას, როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, N89 ავტობუსი მაჭავარიანის ქუჩისა და გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრის („112“) მიმართულებით, ანჯაფარიძის ქუჩიდან მოძრაობას ყაზბეგის გამზირის, იონა ვაკელისა და ბერიტაშვილის ქუჩების გავლით შეძლებს. N137 მიკროავტობუსი კი თავისუფლების მოედნიდან, ჭავჭავაძის გამზირისა და ნუცუბიძის III მიკრორაიონის გავლით, მაჭავარიანის ქუჩაზე, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრამდე გადაადგილდება.
„მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე განხორციელებული გარკვეული მოქმედებების გამო, მეწყრული პროცესები გააქტიურდა. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა.
გადაადგილება დროებით შეზღუდულია მაჭავარიანის ქუჩაზე, ოპერატიული მართვის ცენტრის შენობიდან ვაშლიჯვრისკენ, „ბიპის“ ბენზინგასამართ სადგურამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“ - ნათქვამია ინფორმაციაში.