დედაქალაქში პარკირების ფასი, შესაძლოა, გაიზარდოს. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც ხმალაძემ აღნიშნა, მერია ზონალურ საათობრივი პარკირების გაფართოებას გეგმავს.
„კი, შესაძლებელია, რომ ფასი გაიზარდოს. ჩვენ გვაქვს სამდონიანი ფასი, 1 ლარი, 2 და 3 ლარი. ეს ფასი დავადგინეთ ჯერ კიდევ პანდემიამდე. მაგრამ დღეს რამდენად მიზანშეწონილია ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ამაზე საუბარი, ამის თქმა გამიჭირდება. არ განვიხილავთ ჯერ ფასის გადახედვას, მაგრამ ეს ერთლარიანი სისტემაც კი იძლევა შედეგს და ჩვენი დაკვირვებით იმ ადგილებში, სადაც საათობრივი პარკირება დავნერგეთ, გვაქვს ის შედეგი, რაც გვინდოდა გვქონოდა. მოთხოვნა შემცირდა იმ ადგილებზე, სადაც პარკირება ფასიანია და ტენდენცია მიდის იქეთკენ, რომ ნელ-ნელა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება იზრდება. თუმცა, კოვიდამდე პერიოდის შედარება კოვიდის პერიოდთან რთულია. შედეგები გვაქვს, მაგრამ მთლიანად რეფორმას ამას ვერ მივაწერთ. პანდემიამ ძალიან ბევრი ცვლილებები შეიტანა ამ ბაზარზეც კი.
სადაც გვაქვს ჩართული ზონალურ-საათობრივი პარკირება, მუშაობს და გაფართოება იგივე ტემპით იგეგმება. დამატებით ინფორმაციაზე ქუჩებთან დაკავშირებით ოთხშაბათს, თბილისის მერი მთავრობის სხდომაზე ისაუბრებს“, - განაცხადა ხმალაძემ.