ტაქსის რეფორმის შემდეგი, მესამე ეტაპი, სავარაუდოდ, 2021 წლის შემოდგომაზე განხორციელდება

ტაქსის რეფორმის შემდეგი, მესამე ეტაპი, სავარაუდოდ, 2021 წლის შემოდგომაზე განხორციელდება. ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ხმალაძემ აღნიშნა, რეფორმის ეს ეტაპი ტაქსის ბაზარს ეკონომიკურად გააძლიერებს.

„რეფორმა, რა თქმა უნდა, იგეგმება. სავარაუდოდ, შემოდგომიდან შეიძლება ამოქმედდეს მომდევნო ეტაპი, თუმცა დროის დაზუსტება ახლა ძალიან გამიჭირდება. მაგრამ ამ თემაზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ ტაქსოკომპანიებთან და ტაქსის მძღოლებთან, რადგან გვინდა, რომ მათთვის ხელსაყრელი და სასარგებლო მოდელი ავამოქმედოთ.

განხორციელებული რეფორმით ძალიან კმაყოფილები ვართ. პირველი იყო რეგისტრაცია და აღრიცხვა. მეორე იყო ვიზუალური სტანდარტი. ორივე ეტაპით კმაყოფილი ვარ. ახლა გავაკეთებთ რეფორმის იმ ეტაპს, რომელიც ტაქსის ბაზარს ეკონომიკურად გააძლიერებს. დეტალებზე საუბარი არ მინდა“, - განაცხადა ხმალაძემ.

ცნობისთვის, ტაქსების რეფორმა თბილისში 2018 წლის 1-ელი ოქტომბრიდან დაიწყო და ტაქსით მოსახურება ლიცენზიის გარეშე აკრძალა. 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან კი, რეფორმის შემდეგი ეტაპი ტაქსის ფერს შეეხო და მანათობლების მქონე ტაქსები მხოლოდ თეთრი ფერის გახდა.