2020 წელს ადგილობრივი ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 9.5%-ით შემცირდა

2020 წელს ადგილობრივი ტურისტული ტიპის ვიზიტების საშუალო თვიური რაოდენობა 9.5%-ით შემცირდა და 480.4 ათასით განისაზღვრა, - ამის შესახებ “საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებულ ადგილობრივი ტურიზმის სტატისტიკაშია აღნიშნული.

„საქსტატის“ მონაცემებით, 2020 წელს, საქართველოს ტერიტორიაზე 15 წლის და უფროსი ასაკის ადგილობრივი ვიზიტორების საშუალო თვიური რაოდენობა 910.8 ათასით განისაზღვრა, რომლებმაც ქვეყნის ტერიტორიაზე განახორციელეს 1.0 მილიონი ვიზიტი. აღნიშნულ პერიოდში ვიზიტორების რაოდენობა 8.3 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის შესაბამის მონაცემებზე.

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ვიზიტორების 39.2 პროცენტი თბილისის მცხოვრებელია, 12.8 პროცენტი მოდის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონზე, 12 პროცენტი - ქვემო ქართლის რეგიონზე, ხოლო დანარჩენი რეგიონები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით არის წარმოდგენილი.

ამასთან, 2020 წელს ვიზიტების უმრავლესობა (45.9 პროცენტი) განხორციელდა მეგობრების/ ნათესავების მონახულების მიზნით.

„საქსტატის“ ინფორმაციით, 2020 წელს განხორციელებული ვიზიტებისას გაწეული საშუალო თვიური ხარჯების მოცულობა განისაზღვრა 147.1 მილიონი ლარით. აღნიშნული მაჩვენებელი 4.2 პროცენტით ნაკლებია გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. ამასთან, ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი გაზრდილია 9.5 პროცენტით და 141.6 ლარს უტოლდება.