საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება შემცირდა. ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკო) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლის თებერვალში ქვეყანაში გენერირებული ელექტროენერგის მოცულობამ 619.973 მლნ კვტ-სთ შეადგინა, ეს კი 27,1%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. შარშან თებერვალში საქართველოში მთლიანად 850.616 მლნ კვტ/სთ დენის გამომუშავება მოხდა.
აღსანიშნავია, რომ გენერაციის შემცირების მთავარი მიზეზი არის ქვეყნის მთავარი ჰიდროელექტროსადგურის - ენგურჰესის გაჩერება.
მიუხედავად ენგურჰესისი გაჩერებისა, გენერაციიაში ყველაზე დიდი წილი მაინც ჰიდროელექტროსადგურებზე მოდის. კერძოდ, 2021 წლის თებერვალში ჰესებმა სულ 354.841 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია გამოიმუშავეს, თბოსადგურებმა - 331.341 მლნ კვტ/სთ, ქართლის ქარის სადგურმა - 5.791 მლნ კვტ/სთ.
ამასთან, „ესკოს“ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, თებერვალში 32,6%-ით გაიზარდა ელექტროენერგიის იმპორტი და 413.972 მლნ კვტ/სთ შეადგინა. (2020 წლის თებერვალში - 312.037 მლნ კვტ/სთ). მთლიანად მოხმარებამ კი თებერვალში 1068.514 მლნ კვტ/სთ შეადგინა, რაც 7%-ით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (1149.234 მლნ კვტ/სთ).