Bloomberg-ის ცნობით, დასავლურმა კომპანიებმა სხვადასხვა ზომების შემოღება დაიწყეს, რათა სკეპტიკურად განწყობილი თანამშრომლები კორონავირუსის ვაქცინაციაზე დაითანხმონ. ამ ზომებში იგულისხმება როგორც ფულადი წახალისება, ისე სამუშაოდ მიღებაზე უარის თქმაც.
JPMorgan-ის გენერალური დირექტორი ჯეიმი დაიმონი აცხადებს, რომ სავალდებულო ვაქცინაციის პროცესში ე.წ. მათრახისა და თაფლაკვერას მიდგომა უნდა იქნას გამოყენებული. თუმცა იურიდიული სირთულეების გამო JPMorgan-ს ეს პროცესი ჯერ არ დაუწყია.
ამერიკის ზოგიერთ შტატში დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებული სხვადასხვა მიზეზს შორის, ვაქციანაციაზე უარის თქმის გამოც დაითხოვოს სამსახურიდან. თუმცა რეკრუტირების კომპანია Littler Mendelson-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, ყველა თანამშრომლის სავალდებულო ვაქციანაციას ამერიკული კომპანიების 1%-ზე ნაკლები რაოდენობა ემხრობა.
დიდ ბრიტანეთში თანამშრომლებისთვის იმუნიზაციის პოლიტიკის განსაზღვრა კომპანიებს დამოუკიდებლად შეუძლიათ, მაგრამ მათ, ვინც ვაქციანაციას სავალდებულოს გახდის, ბრიტანეთის მთავრობა დასჯით დაემუქრა. მსგავსი ზომების შემოღების უფლება მხოლოდ ჯანდაცვის სფეროს კომპანიებსა და ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლებს აქვთ, რადგან მათი საქმიანობიდან გამომდინარე, ვაქციანაცია „გონივრულ“ მოვლენად არის მიჩნეული.
არიან კომპანიები, რომლებიც დასაქმებულთა ვაქცინაციისთვის იძულების კი არა, დარწმუნების მეთოდს მიმართავენ. გლობალური კომპანია Unilever-ის ხელმძღვანელი ალან ჯოუპი აცხადებს, რომ თავის 150 ათას თანამშრომელს ყოველკვირეულ ელექტრონულ გზავნილში ვაქცინაციის აუცილებლობისკენ მოუწოდებს. Nestle-ს გენერალური დირექტორი მარკ შნაიდერი ვაქცინის ხელმისაწვდომობის შემთხვევაში, აცრას ყველა თანამშრომლის თვალწინ გაიკეთებდა, რომ მათთვის მისაბაძი მაგალითი გახდეს.
საცალო ვაჭრობის კომპანია Lidl თავის თანამშრომლებს ვაქცინით აცრაში 200 დოლარს სთავაზობს, ხოლო მიწოდების სერვისის კომპანია Instacart აცრილ კურიერებს 25 დოლარიან დანამატს დაპირდა. იოგურტის მწარმოებელი კომპანიები Chobani და Danone თანამშრომლებს 6-საათიან ანაზღაურებად შვებულებას სთავაზობენ. ასეთივე ზომები შემოიღეს მაღაზიათა ქსელმა Aldi-მ, Dollar General-მა და Trader Joe’s-მა. ამასთან, Danone მზადაა, გაიღოს ხარჯები იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია უფასო არაა.
თუმცა არიან კომპანიები, რომლებიც მკაცრ პოლიტიკას ირჩევენ. ბრიტანულმა Pimlico Plumbers-მა, რომელიც სანტექნიკურ მომსახურებას ეწევა, ახალი თანამშრომლებისთვის დაიწყო კამპანია სახელწოდებით - „არაა აცრა - არაა სამსახური!“ United Airlines-ის გენერალური დირექტორმა სკოტ კირბიმ პირობა დადო, რომ ვაქცინაციას მისი ყველა, 60 ათასი თანამშრომლისთვის სავალდებულოს გახდის. ისრაელში Nestle-ს შვილობილი კომპანია Osem Investments სამუშაო ადგილებზე აღარ დააბრუნებს იმ თანამშრომლებს, რომლებსაც აცრა ჯერ არ გაუკეთებიათ, დანარჩენისთვის კი ტესტირება ყოველ სამ დღეში ერთხელ არის სავალდებულო. პერსონალის მიმართ ასეთივე მოთხოვნებით გამოვიდნენ ისრაელის IT კომპანიები Check Point Software Technologies და Mobileye.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ