„თუ საქართველოში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 1,5%-ს ქვემოთ იქნება, შესაძლოა, „კომენდანტის საათის“ მოხსნის საკითხის განხილვა"

ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 1,5%-ს ქვემოთ იქნება, შესაძლოა, „კომენდანტის საათის“ მოხსნის საკითხის განხილვაც. თუმცა, როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, აღნიშნული გადაწყვეტილება არა მყისიერად, არამედ 2-3 კვირიანი დაკვირვების შემდეგ უნდა მიიღონ.

„ჯერჯერობით, შეზღუდვების გავლენა ორკვირიანი დაკვირვებით უნდა მოხდეს. ახლა გარკვეული ტიპის შეზღუდვები მოიხსნა, იგივე სარესტორნო სივრცეებთან, ზამთრის კურორტებთან, სატრენაჟორო სივრცესთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ამიტომ, 2 კვირის შემდგომ, თუ სტაბილურობა შენარჩუნდება და დადებითობის მაჩვენებელი 1,5 ან 2%-ს ქვემოთ იქნება, ანუ არ იზრდება პროგრესულად დაავადება, მაშინ შესაძლებელია, „კომენდანტის საათის“ გადახედვაც, მაგრამ ეს სწრაფად და მყისიერად არ უნდა მოხდეს, არამედ განხილული უნდა იყოს მინიმუმ 2-3 კვირის ინტერვალით“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

15 მარტს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ არ გამორიცხა, რომ 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მარტის ბოლოს შემსუბუქდეს. როგორც მან ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, დარწმუნებულია, რომ ეპიდვითარების სტაბილიზაციის ფონზე, აღნიშნული შეზღუდვაც შემსუბუქდება. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.