რა ტარიფით ყიდულობს საქართველო ელექტროენერგიას რუსეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან

„საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა ენგურჰესის შეჩერებამ და სხვა საკითხებმაც გამოიწვია“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, კომპანია „ელ გრინის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საქართველო ამ ეტაპზე ყველაზე დაბალი ტარიფით ელექტროენერგიას აზერბაიჯანიდან ყიდულობს. მეტიც, ზურაბ ნოღაიდელის თქმით, ქვეყნის ელექტროენერგიის იმპორტის ბაზარზე იანვარ-თებერვალში აზერბაიჯანის კონკურენტი, უკვე თურქეთია და არა რუსეთი. (ცნობისათვის, „ელ გრინი“ საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტს აზერბაიჯანიდან ახორციელებს).

„27%-ით არის შემცირებული საქართველოში ელექტროენერგიის გენერაცია წელს, მაგრამ ეს ჩვეულებრივი ტენდენცია არ არის. მოგეხსენებათ, ენგურჰესი გაჩერებულია რემონტზე და შესაბამისად, ძირითადი მიზეზი საქართველოში ელექტროენერგიის გენერაციის შემცირების, სწორედ ენგურჰესის რემონტზე გაჩერებაა. მომავალ წელს ეს ტენდენცია შეიცვლება, ყოველშემთხვევაში, ამდენად არ შემცირდება. სწორედ ენგურჰესის შეჩერებამ და სხვა საკითხებმაც გამოიწვია საქართველოში ელექტროენერგიის იპორტის ზრდა.

მე მინდა, დეტალურად წამოგიდგინოთ თებერვლის მონაცემები. თებერვალში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტმა შეადგინა, 413,7 მლნ კვტ/სთ, აქედან, 258 მლნ. კვტ/სთ რუსეთიდან (თითქმის, 2-ჯერ უფრო მეტი, ვიდრე შარშან თებერვალში), 148,8 მლნ კვტ/ სთ - აზერბაიჯანიდან და 7,5 მლნ კვტ/სთ - თურქეთიდან. რუსეთიდან იმპორტირებული 258 მლნ კვტ/სთ-ით აფხაზეთის მოხმარება დაბალანსდა, იმ დროს, როდესაც ენგურჰესი გამორთულია. ამ შემთხვევაში ჩვენ, არც საქართველოს ბიუჯეტს არც ესკოს ეს თანხა არ გადაგვიხდია. ცხადია, აფხაზეთი ოკუპირებულია და საქართველოს შემადგენელი ნაწილია, მაგრამ მე მინდა მხოლოდ ამ საკითხის ეკონომიკური მხარე განვიხილო.

რუსეთიდან იმპორტის შემოთავაზებული ფასები თებერვალში შემცირდა, იანვართან შედარებით. იანვარში იყო 4.1 ცენტი, 4.1 ცენტი და 7.8 ცენტი. თებერვალში შეამცირა 3.5, 3.7, 7.8 ცენტამდე (ცნობისათვის, იმპორტირებული დენის ფასი შედგება დღის, ღამის და უქმე დღეების ტარიფის შეწონვიდან. ზემოთ აღნიშნულ მონაცემებში ღირებულება ასე ნაწილდება - ღამე/უქმე/დღე).

თურქეთიდან იმპორტირებულის საშუალო ფასი, მოთხოვნილი გრაფიკებით შეადგენდა 4,585 ცენტს, ხოლო აზერბაიჯანიდან იმპორტის ჩვენი წინადადება იყო 4,4 ცენტი. როგორც ხედავთ, ყველაზე უკეთესი ფასი ჩვენი იყო. ამას იმიტომ წარმოგიდგენთ, რომ ესკო თავიდან იხილავდა რუსეთიდან და თურქეთიდან ერთდროულ იმპორტს, როგორც აზერბაიჯანიდან იმპორტის ალტერნატივას. თუმცა, საბოლოო ჯამში, გაითვალისწინა ორი გარემოება, ერთ-ერთი იყო ფასი, რომელიც ჩვენი „ელ გრინმა“ შევთავაზეთ - 4.4 ცენტი, რაც ბევრად ჯობდა, რუსეთის ფასს და ასევე, თურქეთიდან შემოთავაზებულ ფასსაც.

უფრო მეტიც, შეიძლება ითქვას, რომ ბოლო პერიოდში, იანვარ-თებერვალში განსაკუთრებით მკაფიოა, რომ საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტის ბაზარზე ჩვენი კონკურენტი უკვე თურქეთია და არა რუსეთი. რუსეთის ფასი იმდენად ძვირია, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან შემოთავაზებულ ფასებთან შედარებით, რომ ის სერიოზულ ალტერნატივად აღარც კი განიხილება“,- განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.

ნინი ქეთელაური