სატელეკომუნიკაციო აპარატურის მწარმოებელი ფინური კომპანია Nokia მომდევნო წლებში 10 ათასამდე სამუშაო ადგილს შეამცირებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიამ თავად გაავრცელა.
„დაგეგმილი რესტრუქტურიზაციის შედეგად, მომდევნო 18-24 თვის განმავლობაში კომპანიის თანამშრომელთა რაოდენობა 90 ათასის ნაცვლად, 80-85 ათასი უნდა გახდეს“, - ნათქვამია განცხადებაში. კომპანიის გადაწყვეტილებით, 2023 წლისთვის ხარჯები 600 მილიონი ევროთი უნდა შემცირდეს, რაც თავის მხრივ შტატების შემცირებასაც გულისხმობს.
Nokia-ში ეს პერსონალის შემცირების პირველი შემთხვევა არ იქნება. ფინეთსა და სხვა ქვეყნების ფილიალებში კომპანიას ეს ადრეც გაუკეთებია, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში მეტად კონკურენტუნარიანი გამხდარიყო.
Nokia სატელეკომუნიკაციო და მობილური მოწყობილობების მწარმოებელი კომპანიაა. მისი აქციები ფრანკფურტის, ნიუ-იორკისა და ჰელსინკის საფონდო ბირჟებზე არის განთავსებული.