თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განმარტებით, მერიას ლილო-სამგორი-აეროპორტის მიმართულებით მიწისზედა მეტროს კვლევაზე 12 მილიონი ლარი არ გადაუხდია.
როგორც ხმალაძემ თბილისის მერიაში ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მერიას რამდენიმე ასეული ათასი ლარი აქვს დახარჯული. მისივე თქმით, მერია 12 მილიონს იმ შემთხვევაში გადაიხდიდა, თუ პროექტირების ეტაპზე გადავიდოდა, თუმცა ეს ეტაპი ჯერ არ დამდგარა.
,,ჩვენ ოპონენტებს ვურჩევდი კარგად გაერკვნენ და ისე გააკეთონ კომენტარი, იმიტომ, რომ 12 მილიონი ლარი კვლევაში არ გადაგვიხდია. დახარჯულია რამდენიმე ასეული ათასი ლარი. 12 მილიონი იყო პროექტირების ხარჯზე და პროექტზე ჯერ არ გადავსულვართ. პროექტზე უნდა გადავსულიყავით იმ შემთხვევაში, თუ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შედეგად დავადგენდით, რომ გვჭირდება პროექტი და შემდეგ მშენებლობა. კვლევა არის აუცილებელი ეტაპი, არავინ წინასწარ არ იცის პროექტის განხორციელების ეკონომიკური პარამეტრები და რამდენად მიზანშეწონილია ის ტექნიკურადაც და ეკონომიურადაც, ამიტომ უნდა ჩატარდეს კვლევა, რომ ვნახოთ რასთან გვაქვს საქმე და ამის საფუძველზე მივიღოთ გადაწყვეტილება. ჩატარდა კვლევა და კვლევიდან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას. თუ ვიტყვით, რომ ეს პროექტი გვინდა, მოგვიწევს 12 მილიონი ლარის გადახდა პროექტში და შემდეგ რამდენიმე ასეული მილიონის გადახდა ინფრასტრუქტურის მოწყობაში. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოხმარება განახევრებულია, დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე ძალიან რთულია მივიღოთ დასკვნითი გადაწყვეტილება, გვჭირდება თუ არა ამ პროექტის განხორციელება, ჩვენთვის მთავარი არ არის, რომ სწრაფად მივიღოთ გადაწყვეტილება, არამედ ის, რომ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება“, - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
მისივე თქმით, უარი ამ პროექტზე ჯერ არავის უთქვამს, თუმცა ეს საკმაოდ ძვირად ღირებული ინფრასტრუქტურააა და მერია დარწმუნებული უნდა იყოს, რომ „სწორი ხარჯი იქნება გაღებული“.
,,უარი ამ პროექტზე ჯერ არავის არ უთქვამს, მიწისზედა მეტროს პროექტი, რომელიც სამგორის მიმართულებით იყო დაგეგმილი, შედგებოდა სამი ეტაპისგან. პირველი იყო ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და ამ კვლევიდან გამომდინარე უნდა მიგვეღო გადაწყვეტილება პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებით. ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება წარმოდგენილია, ჯერ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, ეს პროექტი უნდა განხორიცელდეს თუ არა, არ არის მიღებული. პანდემიიდან გამომდინარე კიდევ უფრო გართულებულია მდგომარეობა სახსრების მობილიზების თვალსაზრისით და სატრანსპორტო სისტემაზე ძალიან დიდი გავლენა იქონია პანდემიამ. გამომდინარე აქედან, ეს საკითხი განხილვის ეტაპზეა და ვიდრე განხილვა დასრულდება, რთულია იმის თქმა, რომელ ვერსიაზე წავალთ და უნდა განხორციელდეს თუ არა ეს პროექტი. ეს საკმაოდ ძვირად ღირებული ინფრასტრუქტურაა და ჩვენ უნდა ვიყოთ დარწმუნებულები, რომ სწორი ხარჯი იქნება გაღებული ამ პროექტთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.